„საქართველოს მთავრობამ ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესის 2028 წლამდე შეჩერება გადაწყვიტა – დანია, როგორც ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა, სექტემბერში დაგეგმილ შეხვედრაზე საქართველოს კანდიდატი ქვეყნის სტატუსით არ მოიწვევს“, – ასე უპასუხა დანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ სააგენტო „ინტერპრესნიუს“ შეკითხვაზე, თუ რატომ არ არის საქართველო მიწვეული 1-2 სექტემბერს დანიაში, ევროკავშირის 27 წევრი სახელმწიფოს ევროპულ საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე, რომელსაც უკრაინის, მოლდოვას, დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებისა და თურქეთის წარმომადგენლები ესწრებიან.
როგორც დანიის საგარეო უწყების წერილობით პასუხშია აღნიშნული, დანია პოლონეთის თავმჯდომარეობის დროს შექმნილ პრაქტიკას მიჰყვება.
„დანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადება:
2024 წლის ნოემბერში საქართველოს მთავრობამ განაცხადა, რომ მან ქვეყნის ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესის 2028 წლამდე შეჩერება გადაწყვიტა. ევროკავშირმა ეს გაითვალისწინა. დანიის მხრიდან [ევროკავშირის საბჭოს] თავმჯდომარეობა პოლონეთის თავმჯდომარეობის დროს შექმნილ პრეცედენტს მიჰყვება და, ზოგადი წესის მიხედვით, საქართველოს კანდიდატი ქვეყნის სტატუსით არ მოიწვევს“, – აღნიშნულია დანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს წერილობით პასუხში, რომელსაც „ინტერპრესნიუსი“ ავრცელებს.
შეგახსენებთ, ევროკავშირის 27 წევრი სახელმწიფოს ევროპულ საქმეთა მინისტრები უკრაინის, მოლდოვას, დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებისა და თურქეთის წარმომადგენლებთან ერთად 1-2 სექტემბერს არაფორმალურ შეხვედრაზე შეიკრიბებიან. შეხვედრის მთავარი თემა ევროკავშირის გაფართოების სხვადასხვა ასპექტი იქნება. შეხვედრა დანიაში გაიმართება.