LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დარწმუნებული ვარ, რომ 12-ვე რეკომენდაციაზე მუშაობას ძალიან მალე დავასრულებთ – პრემიერის მთავარი გზავნილები ევროკომისართან შეხვედრის შემდეგ

74
Untitled design (6)

პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ ხელისუფლება ევროკომისიის მიერ შემუშავებულ 12 რეკომენდაციაზე მუშაობას ძალიან მალე დაასრულებს. ირაკლი ღარიბაშვილმა ამის შესახებ ევროკომისარ ოლივერ ვარჰეისთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„არსებობს ვიზიტის 2 ძირითადი მიზეზი“ – საქართველოს ევროკომისარი ოლივერ ვარჰეი სტუმრობს

სიტყვით მიმართვის დროს ღარიბაშვილმა ისაუბრა ქვეყნისთვის ევროპული პერსპექტივისა და ასოცირების შეთანხმების მნიშვნელობაზე, ხელისუფლების მოტივაციასა და იმ სამუშაოზე, რომელიც მისი თქმით, მმართველმა გუნდმა გასწია:

„ბატონი ოლივერ ვარჰეის ვიზიტი არის პირველი, მას შემდეგ, რაც ევროპულმა საბჭომ ივნისში მიიღო ისტორიული გადაწყვეტილება, როდესაც საქართველომ ევროპული პერსპექტივა მიიღო. ეს ჩვენთვის ძალიან დიდი მოტივაცია და პასუხისმგებლობაა.

კარგად გვაქვს გააზრებული და სწორედ ამ პასუხისმგებლობითა და სულისკვეთებით ზედმიწევნით ვმუშაობთ 12 რეკომენდაციის შესრულებაზე.

ბატონო კომისარო, როგორც იცით, საქართველო არის ევროპული არჩევანის ერთგული. ეს არის ჩვენი ისტორიული და თაობების არჩევანი და ოცნება, რომ ჩვენ ევროპული ოჯახის სრულუფლებიანი და ღირსეული წევრი გავხდეთ. ამ გზაზე ჩვენ მაქსიმუმს ვაკეთებთ.

ჩვენი მთავრობის დამსახურებაა, რომ 2012 წლის შემდეგ ყველა ხელშესახები შედეგი ევროპულ გზაზე არის სწორედ ჩვენი, მმართველი პარტიის დამსახურება, იქნებოდა ეს ასოცირების შეთანხმება, თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება, უვიზო რეჟიმი და ახლა უკვე ევროპული პერსპექტივა.

ეს ყველაფერი ჩვენი ხალხისთვის და ქვეყნისთვის მოვიტანეთ და არ იყო შემთხვევითი. ამას წინ უძღოდა ძალიან დიდი შრომა და ძალიან ბევრი სამუშაო, რომელიც ჩვენმა გუნდმა გასწია“, – განაცხადა მან.

ღარიბაშვილმა პრესკონფერენციაზე წინა ხელისუფლების მმართველობაზეც გაამახვილა ყურადღება და თქვა, რომ „საქართველოს მოსახლეობა 2012 წლამდე დიქტატორული და ავტოკრატიული რეჟიმის პირობებში ცხოვრობდა, სადაც დემოკრატიის არავითარი ნიშან-წყალი არ არსებობდა“.

„არც თავისუფალი მედია, არც თავისუფალი სასამართლო… ქვეყანამ პროცესი 3 წლის დაგვიანებით დაიწყო, ასოცირების მოლაპარაკებები და უვიზო რეჟიმი ჩვენ დროს დაიწყო. ეს ყველაფერი გამოვასწორეთ და მოკლე დროში ხელშესახები შედეგები დავდეთ, რითაც საქართველო რეალურად გამოირჩევა, როგორც ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანა აღმოსავლეთ ევროპის პარტნიორობის ჯგუფში“, – თქვა პრემიერმა.

ღარიბაშვილმა დღესვე ოპოზიციის საქმიანობაზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ დღევანდელი ოპოზიციის მიზანი არ ყოფილა და არ არის ევროპულ გზაზე ქვეყნის წარმატება:

„პირველი პრიორიტეტი, რომელიც ევროპული საბჭოს მიერ არის განსაზღვრული, დეპოლარიზაციაა – პოლარიზაციის დასრულება საქართველოში, რაც საკმაოდ რთული ამოცანაა და ამ მიზნის მიღწევა ოპოზიციის ჩართულობის გარეშე შეუძლებელია. დანარჩენ 11 რეკომენდაციაზე ჩვენ, რა თქმა უნდა, ვმუშაობთ.

რაც შეეხება ოპოზიციის მიზანს, არ მინდა ბატონი კომისარი დეტალებით დავტვირთო, თუმცა მოკლედ ვიტყვი, რომ, სამწუხაროდ, მათი მიზანი არ ყოფილა და არ არის ჩვენი ქვეყნის წარმატება ევროპულ გზაზე.

კომისარს მინდა ეს ინფორმაცია მივაწოდო, დადასტურებული ინფორმაცია მივიღეთ ჩვენი ევროპელი მეგობრებისგან, რომ მაშინ, როდესაც ჩემი პირველი პრემიერობის დროს, აქტიურად ვმუშაობდით უვიზო რეჟიმზე, მაშინაც, სამწუხაროდ, ოპოზიციის ლიდერები ბრიუსელში დადიოდნენ ერთადერთი მესიჯით, რომ ჩვენი ხელისუფლების პირობებში ქვეყანას უვიზო რეჟიმი არ მიეღო. ვნახეთ, როგორ მოიქცა ივნისში ჩვენი ოპოზიცია, როცა მათი მხარდამჭერი ევროპელი პარტიების წარმომადგენლები გაერთიანდნენ და საქართველოს საწინააღმდეგო რეზოლუცია მიიღეს. ეს ხდება მაშინ, როცა ევროპულ საბჭოს უნდა მიეღო ისტორიული გადაწყვეტილება, ეს იყო საქართველოს წინააღმდეგ საბოტაჟი, მაგრამ, რა თქმა უნდა, ჩვენ არ გავჩერდებით, ჩვენ ჩვენს საქმეს გავაკეთებთ და, რა თქმა უნდა, ამ შედეგს ბოლომდე მივიყვანთ“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

პრემიერმა ქვეყნის ოკუპირებულ ტერიტორიებზეც გაამახვილა ყურადღება და თქვა, რომ ეს საზოგადოებისთვის დიდი გამოწვევაა:

„კარგად გვესმის, რა რეალობის წინაშე გვიწევს ცხოვრება, ეს არის ოკუპაცია – ჩვენი ქვეყნის ტერიტორიის 20% ოკუპირებულია და ეს არის დიდი გამოწვევა ჩვენი ხალხისთვის. ჩვენი მთავარი ამოცანა არის ქვეყნის დეოკუპაცია მშვიდობიანი გზით და ჩვენი ქვეყნის გამთლიანება.

მინდა მადლობა გადავუხადო ევროკავშირის მონიტორინგის ჯგუფს, რომელიც აქტიურად არის ჩართული ამ პროცესში. მინდა ასევე მადლობა გადაგიხადოთ თქვენ და ევროკომისიის შესაბამის სამსახურებს, რომლებიც აქტიურად არიან ჩართული 12 რეკომენდაციის შესრულების პროცესში.

ისინი გვეხმარებიან, რომ საქართველომ მაქსიმალურად მოკლე დროში შეასრულოს 12 რეკომენდაცია და არცერთი პასუხგაუცემელი კითხვა არ დარჩეს. მჯერა და დარწმუნებული ვარ, რომ თორმეტივე რეკომენდაციას ძალიან მალე დავასრულებთ“, – თქვა ღარიბაშვილმა.

პარალელურად, ამავე პრესკონფერენციაზე ევროკომისარმა ოლივერ ვარჰეიმ განაცხადა, რომ საქართველოს მოუწევს დიდი შრომა, იმისათვის, რომ აჩვენოს – მზად არის გახდეს ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანა.

როგორც ვარჰეიმ აღნიშნა, მისი დელეგაცია ჩამოვიდა ძალიან მკაფიო მიზნით: დაეხმაროს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებაში:

„იმ სირთულეების პერიოდში, რომელიც გვიდგას წინ, ამ ახალი გეოპოლიტიკური წნეხის პროცესში, საქართველომ ძალიან მკაფიოდ გვაჩვენა, რომ მხოლოდ ევროკავშირში გაწევრიანება არის საქართველოს მყარი მიზანი. ამისთვის საჭიროა გრძელვადიანი სტაბილურობა და მშვიდობა. ჩვენ შევისმინეთ ეს გზავნილი და საქართველოში ჩამოვედი არა იმის სათქმელად, რომ გავიგეთ ეს გზავნილი, არამედ იმისთვის, რომ მზად ვართ, შევასრულოთ ეს თხოვნა.

ვხედავთ, რომ საქართველოს მოსახლეობის დიდი უმრავლესობა ევროკავშირში გაწევრიანებას უჭერს მხარს. ეს არის ძალიან ძლიერი მანდატი არა მხოლოდ მთავრობისთვის, არამედ მთელი პოლიტიკური ელიტისთვის.

დღეს ჩამოვედით ძალიან მკაფიო მიზნით, გვინდა დაგეხმაროთ საქართველოს მომზადებაში, დაგეხმაროთ ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანებაში. ამ მიმართულებით გვინდა, რომ ერთად ვიაროთ წინ.

მომდევნო კვირების და თვეების განმავლობაში მოგვიწევს ძალიან ბევრი მუშაობა. საქართველოს მოუწევს დიდი ჯაფის გაწევა, რათა აჩვენოს, რომ მზად არის, გახდეს კანდიდატი ქვეყანა, თუმცა აქვე ხაზი უნდა გავუსვა იმას, რომ ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში ახდება, თუ მთელი ქვეყანა, მთელი საქართველო და ყველა ქართველი ქვეყნის შიგნით და გარეთ ამ მიზნისთვის იმუშავებს.

დარწმუნებული ვარ, რომ ისტორია არასდროს იძლევა იმავე შანსს ორჯერ, ამიტომ ამ შესაძლებლობას ხელი უნდა ვტაცოთ და რეალობა გავხადოთ. ამის გასაკეთებლად 12 რეკომენდაციის შესრულება გვჭირდება და ამ მიმართულებით კარგი ისტორიის ჩვენებაა საჭირო. მიხარია, რომ ამ მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯებს ვხედავთ“, – აღნიშნა ოლივერ ვარჰეიმ.

პაპუაშვილი: ერთადერთი კრიტიკული გზავნილი, რაც შეიძლება ევროკომისარს ჰქონდეს, არის ის, რომ ოპოზიციის ნაწილი რადიკალიზმზეა გადასული და 12 რეკომენდაციის შესრულების პროცესში არ მონაწილეობს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g