პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ მთაწმინდის მაჟორიტარობის კანდიდატმა, ლადო კახაძემ საკუთარ ამომრჩეველს შუალედური არჩევნების პირველ ტურში მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და აქტიურობისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა.
“იმედი მაქვს, რომ მეორე ტურისთვის, ჩვენ უფრო ორგანიზებულად დავირაზმებით და ის აღებული შედეგი იქნება გაორმაგებული და იქნება სასურველი შედეგი იმისათვის, რომ თქვენი წარმომადგენელი იგულოთ პარლამენტში. მე არაერთხელ აღმინიშნავს, რომ „ქართული ოცნება“ ერთადერთი ძალაა, რომელიც არსებული გამოწვევების პირობებში რეალურად ხედავს გამოსავლის გზებს” – განაცხადა ლადო კახაძემ.
მმართველი გუნდის მაჟორიტარობის კანდიდატმა ამომრჩეველს კიდევ ერთხელ შეახსენა მისი პროგრამის პრიორიტეტები და განაცხადა, რომ მისი შეთავაზებები გულისხმობს ძველი ავარიული სახლების გამაგრება-რეაბილიტაციას, ისტორიული კუთვნილების ობიექტების გაკეთილშობილებას და ისტორიული უბნის ტურისტული პოტენციალის გაზრდას.
მისივე თქმით, მთაწმინდის რაიონში არა ერთი პროექტის განხორციელება იგეგმება, მათ შორის, სამი ქუჩის სრული რეაბილიტაციაა დაგეგმილი, ესენია ასათიანის, სულხან-საბას და ინგოროყვას ქუჩები.
„დასახულია ბევრი პროექტი, რომელიც ეხება მთაწმინდის რაიონში კონკრეტული ქუჩების რეაბილიტაციას, რომელიც გაზრდის ტურისტულ არეალს და პოტენციალს. მოგეხსენებათ, რომ სრულდება შესანიშნავი პროექტი, საჩვენებელი, შესანიშნავი პროექტი ორბელიანის მოედანზე, რომელიც არის ნათელი მაგალითი, როგორ მოვუაროთ წარსულს და როგორ შევქმნათ მისგან ის პროდუქტი, რომელიც ღირსეულად მოემსახურება მის მომავალს, ერთი-ორად გაზრდის სურვილს ქალაქის დათვალიერების იმ ტურისტებისთვის, რომელთა რიცხვი კიდევ მეტად გაიზრდება.
მინდა მოგახსენოთ, რომ საქმიანი შეხვედრა მქონდა თბილისის მერთან, ხშირად ხდება ასეთი შეხვედრები და ჩემს მთაწმინდელებს სასიხარულო ამბავი მინდა გითხრათ, რომ მთაწმინდის რაიონში სამი ქუჩა დგება სრული რეაბილიტაციის გრაფიკში, ეს არის ასათიანის ქუჩა, სულხან-საბას ქუჩა და ეს არის ინგოროყვას ქუჩა, რომელიც აქ მოსახლე ადამიანების უსაფრთხოების პრინციპიდან გამომდინარე, ასევე მათი ქონებრივი პოტენციალის გაზრდას მოემსახურება და რაც მთავარია მოემსახურება ქალაქის ურბანული პრინციპების განვითარების ხარჯზე ტურისტული არეალების გაზრდას“ – განაცხადა ლადო კახაძემ.
