ჟურნალისტი დათო ლიკლიკაძე ერთ-ერთია მათ შორის, ვინც ბოლო პერიოდში იტალიაში იმყოფებოდა. ორკვირიანი პერიოდი უკვე გავიდა და ის ჯანმრთელია, მაგრამ „სარკეს“ უყვება, როგორ გაურბოდა ყველა ბოლონიიდან ქუთაისში დაბრუნებულს.
„ჩვენი წამოსვლის წინა დღეს ატყდა პანიკა, ქუჩაში მგონი, მხოლოდ ჩვენ დავდიოდით. ეს პანიკა რომ ატყდა, მეორე დღეს წამოვედით, მაგრამ შიშისგან კი არა, ბილეთები გვქონდა ნაყიდი. ვენეციიდან ბოლონიაში რომ მივდიოდით, მატარებელში ყოველ წუთს აცხადებდნენ კორონავირუსზე, თუ რა სიმპტომები ჰქონდ და როგორ უნდა მოვქცეულიყავით. ძალიან კანონმორჩილი ხალხია და რფადგან მოუწოდეს, ყველანი სახლში დარჩნენ.
თქვენ კი ამ დროს ქუჩებში დასეირნობდით…
იტალიაში პირველად არ ვყოფილვარ. ალბათ, მეოცედ მაინც ვიყავი. ძალიან მაგარი ქვეყანაა. დეპრესიაში მაგდებს, როცა ახლა ამბობენ, იტალიაში ხომ არ ყოფილხარ, იქ რა ჯანდაბა გინდოდაო… 70 მილიონი ადამიანი ცხოვრობს იქ და ამ სამმილიონიან ქვეყანაში უკვე იმდენი ინფიცირებული გვყავს, რომ დაიანგარიშო, მგონია, ჩვენთან უფრო ცუდადაა საქმე.
იტალიაში ყოფნა განაჩენად იქცა… ზუსტად დღეს გავიდა ორი კვირა, რაც იტალიიდან ჩამოვედით (ინტერვიუ ჩაწერილია 6 მარტს). არ მაცემინებდა, ყელი არ მტკიოდა და სუნთქვა არ მიჭირდა, მაგრამ მაინც მეშინოდა.ამიტომ მივედი ინფექციურ საავადმყოფოში და გამოკვლევები ჩავიტარე. მითხრეს, რომ არაფერი მჭირდა, მაგრამ სანამ ეს ორი კვირა გავიდა, ჯოჯოხეთი გამოვიარე…
ვერავის შენიშვნას მივიღებ. იმდენი გააკეთოს ვინმემ სამოქალაქო საზოგადოებისთვის, რამდენსაც მე ვაკეთებ… მთელი ცხოვრება იმის გამო ვერ დავიტანჯები, რომ იტალიაში ვიყავი. ამ ვირუსის სულაც არ მეშინოდა, მაგრამ მთელი საქართველო მოითხოვდა, კლინიკაში ყველა მივიდესო და მეც მივედი“.




