LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დატოვეთ მანქანა სახლში 22 სექტემბერს – თბილისში აქცია იგეგმება

30

“დღე მანქანის გარეშე“ – თბილისი 22 სექტემბერს მსოფლიოს მრავალი ქალაქის აქციას პირველად უერთდება.

დატოვეთ საკუთარი ავტომობილები სახლში ერთი დღით, იარეთ ფეხით ან საზოგადოებრივი ტრანსპორტით, რათა ხელი შეუწყოთ დედაქალაქში ჯანსაღი გარემოს შექმნას – სწორედ ეს არის აქცია მთავარი გზავნილი, რომელიც მრავალი წელია მსოფლიოს ბევრ დიდ ქალაქში იმართება.

აქციის ორგანიზატორი არსამთავრობო სექტორის წარმომადგენელი ლევან ცუცქირიძეა. როგორც მან რადიო „ფორტუნას“ პირდაპირ ეთერში აღნიშნა, აქციის  ინიციატივა ეკუთვნის, მას, როგორც ერთ რიგით მოქალაქეს, რომელიც დედაქალაქში ჯანსაღი გარემოს შექმნით არის დაინტერესებული.

„ჰაერის დაბინძურების მაჩვენებელი დასაშვებ ნორმას  3–ჯერ აღემატება. ქალაქში ცხოვრება არაკომფორტული ხდება არა მხოლოდ  საცობების, ხმაურის, განუწყვეტელი სიგნალის, მწვანე საფარის ნაკლებობის გამო, არმედ უკვე  საშიში ხდება ჯანმრთელობისთვის“ – განაცხადა ჩვენთან საუბრისას ლევან ცუცქირიძემ და მოუწოდა თანამოქალაქეებს, შეუერთდნენ ამ ინიციატივას.

 „არ დაველოდოთ ვიღაცის მოწოდებას ან კონცერტს, უბრალოდ გამოვავლინოთ მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა. აქცია ერთ დღში ვერ შეცვლის მდგომარეობას, თუმცა გვინდა ეს დღე იყოს დასაწყისი სერიოზული მსჯელობისა, თუ როგორ გადავარჩინოთ  ქალაქი და გადავირჩინოთ ჯანმრთელობა“ – დასძინა ლევან ცუცქირიძემ.

მისივე თქმით, ამ ეტაპზე აქციას „დღე მანქანის გარეშე“ 22 სექტემბერს 1500–მდე მოქალაქე უერთდება.

ლევან ცუცქირიძე მოქალაქეებთან ერთად მოუწოდებს თბილისის მერიას და სხვა საჯარო უწყებებს, შეუერთდნენ აქციას მანქანის გარეშე, მაქსიმალურად შეზღუდონ ერთი დღით უწყების ავტოპარკით მომსახურება, იარონ საზოგადოებრივი ტრანსპორტით და მისცენ მაგალითი თბილისის მოქალაქეებს.

„აქცია საშუალებას აძლევს ადამიანებს, უკეთ დაინახონ, რამდენად უკეთესია ქალაქი ნაკლები ხმაურითა და გამონაბოლქვით, ასევე აძლეირებს დებატებს, თუ როგორ შეიძლება გავნტვირთოთ ქალაქი და გავხადოთ უკეთესი საცხოვრებლად“ – განაცხადა ლევან ცუცქირიძემ.

fortuna.ge

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები