“ეს არ არის დამოკიდებული, არც პროკურატურაზე, არც სახელმწიფოზე, მით უმეტეს არც პოლიტიკაზე, ერთადერთი ადამიანია ბრალდებული, რომელსაც გირაო აქვს შეფარდებული – გადაწყვიტოს საკუთარი ბედი. ამის უფლებამოსილება მას გააჩნია, ის უზრუნველყოფს, დაუმძიმდეს თუ არა აღკვეთის ღოისძიება. მხოლოდ ის არის ამის გადამწყვეტი სუბიექტი და სხვას არავინ არავის არ უნდა დააბრალოს, არც ერთმა ბრალდებულმა მსოფლიოში, არა მხოლოდ ამ კონკრეტულმა ადამიანმა”, – ასე უპასუხა “ქართული ოცნების” ოფისში გამართულ ბრიფინგზე პარტიის თავმჯდომარემ ნიკა მელიასთან დაკავშირებით დასმულ კითხვას.
გირაოს გადაუხდელობის გამო ნიკა მელია პროკურატურაში დაიბარეს
მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ ნებისმიერი ბრალდებული, რომელსაც გირაო აქვს შეფარდებული, თავად წყვეტს საკუთარი აღკვეთის ღონისძიების ბედს:
“მე არ ვიცი, ნიკა მელიას რა პოზიცია ექნება, მაგრამ არა მხოლოდ როგორც პოლიტიკოსმა, ამ შემთხვევაში კიდევ უფრო როგორც იურისტმა, შემიძლია განგიმარტოთ, რომ როდესაც გირაო აქვს ადამიანს შეფარდებიული, ისე როგორც არასდროს, არა მხოლოდ ნიკა მელიას, არამედ ნებისმიერ ბრალდებულს, სწორედ მასზეა დამოკიდებული მისი ხვალინდელი ბედი, აღკვეთის ღონისძიების ბედი – არ დაუმძიმდება თუ დაუმძიმდება.
მსოფლიოში ალბათ რამდენიმე მილიონი ადამიანი, რომელიც არის ბრალდებული, ელოდება გადაწყვეტილებას, თუ ისინი გირაოს პირობებს დააკმაყოფილებენ, ამ შემთხვევაში მათ არ უმძიმებენ აღკვეთის ღონისძიებას, თუ არ დააკმაყოფილებენ – უმძიმებენ. გამონაკლისები, როგორც წესი, მსოფლიოში არ არსებობს, შესაბამისად, ჩემი საქმე არ არის, კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით, რაიმე მოწოდება გავაკეთო, მაგრამ ამ შემთხვევაშიც კი, კონკრეტულ პირზეც შემიძლია ვთქვა, რომ მასზეა დამოკიდებული.” – განაცხადა მდინარაძემ.
შეგახსენებთ, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ლიდერი ნიკა მელია გენერალურ პროკურატურაში დაიბარეს.
განცხადებაში, რომელიც პროკურატურამ გაავრცელა, აღნიშნულია, რომ მელია უწყებაში დაბარებულია აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული გირაოს პირობების შეუსრულებლობის შედეგების შესახებ გაფრთხილების მიზნით.