13 ივლისს, გორში მომხდარმა ავტოსაგზაო შემთხვევამ საზოგადოება შეძრა – ქალაქის ცენტრში, ავტომობილი ქვეითად მოსიარულე დედა-შვილს დაეჯახა, ახალგაზრდა ქალი კლინიკაში გარდაიცვალა, მძიმე მდგომარეობაში მყოფი 3 წლის გოგო კი თბილისში გადმოიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
გარდაცვლილი დედა-შვილის ოჯახის ახლობლების მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვლილი ახალგაზრდა ქალი ანი ბერიანიძეა.
დედა-შვილის შესახებ სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს ოჯახის ახლობელი, ირმა ამბარდნიშვილი:
„დავიღუპე, ხალხო. ჩემი ანა აღარა მყავს, ჩემი გაზრდილი, ჩემი ერთადერთი იმედი აღარ მყავს! რატომ ხალხო? რატომ დადიხართ მთვრალები? რამდენი უნდა შეიწიროთ? გაგეჩერებინა პატრულისთვის. დედა-შვილი რომ მიაჭყლიტე და პოლიციას შეაფარე თავი, შეგარჩენ ამ სიმწარეს? ჩემი ანგელოზი მართა, კამერებში ჩანს, დედას რომ მოეხვია სიმწრით. შე არარაობა, გადმოხტი და გაიქეცი, რატომ არ მოიკალი თავი ანგელოზი ბავშვი რომ გაჭყლიტე! შე არაკაცო!
ჩემო ლამაზო და ნიჭიერო, ბავშვობიდან ლექსებს სწერდა! მღეროდა, 5 ენაზე ლაპარაკობდა, უკეთესი ცხოვრება უნდა გქონოდა ჩემო ობოლო! რამდენ საშაირო ლექსებს უწერდი ხალხს, დაგრჩა ნეტა ვინმე ლექსის გარეშე.
ვაიმე, როგორ გიხაროდა! როგორ ჩქარობდი ახალ ბინაში გადასვლას. მატრასზე უნდა დავიძინო ერთი ღამეო. დაიღუპა პატიოსანი ოჯახი…
ახლა ვზივარ და ორ ჩასასვენებელს დავტირი.
შენ მაინც როგორ მიმატოვე ანა! ჩემო ლამაზო… რატომ უნდა დაგიტიროთ მე? მე რატომ არავინ მიცოდებთ?“, – წერს ირმა ამბარდნიშვილი.
შეგახსენებთ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს. ავტოსაგზაო შემთხვევაში მონაწილე მძღოლი დაკავებულია. როგორც „ფორტუნას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ის ავტომობილს არაფხიზელ მდგომარეობაში მართავდა.
