LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დავით კიკვიძე: ონლაინ-სესხების სფეროს რეგულირება საჭიროა, თუმცა ამას შესაძლოა, ნეგატიური შედეგი მოყვეს

56

ვიდრე მოსახლეობის ფინანსური განათლების დონე აიწევს, ონლაინ სესხების რეგულირება მნიშვნელოვანია, – ამის შესახებ ”ფორტუნას” ექსპერტმა საბანკო საკითხებში დავით კიკვიძემ განუცხადა.

მისი განმარტებით, ბაზარზე ონალაინ სესხების ორგანიზაციების ზრდის ტემპების გათვალისწინებით, რეგულირების საკითხი მეტ აქტუალობას იძენს. ეროვნული ბანკის ძირითად ამოცანას წარმოადგენს, ინფლაციის თარგეთირება და ფასების დონის სტაბილურობის შენარჩუნება.

ექსპერტის თქმით, ამ მიზნის მისაღწევად ეროვნული ბანკი ქვეყანაში ფულად მასას აკონტროლებს, შესაბამისად, ვიდრე ე.წ. ონლაინ სესხების ორგანიზაციების მიერ გაცემული სესხების მოცულობა არ მოახდენს არსებით ზეგავლენას ქვეყნის ფულად მასაზე, ფასების სტაბილურობას საფრთხე არ ემუქრება.

”თუმცა, მეორე მხრივ, ამ ორგანიზაციებთან დაკავშირებული პრობლემები უფრო სოციალურ პრობლემად გადაიქცა, ვიდრე ეკონომიკურად. ეს გამომდინარეობს მოსახლეობის ფინანსური განათლების დაბალი დონიდან, თუმცა ამ პრობლემას ძალიან ფუნდამენტურად სჭირდება მოგვარება, რაც  გრძელვადიანი პროცესია, ამიტომ მნიშვნელოვანია რომ სანამ ფინანსური განათლების დონე მაღლა აიწევს, ონლაინ სესხების პრობლემა ხელვნულად იქნეს მოგვარებული გარკეული რეგურაციების შემოღებით” – განუცხადა ”ფორტუნას” კიკვიძემ.

თუმცა, მისივე თქმით, გასათვალისწინებელია, რომ რეგულაციების შემოღებამ შესაძლოა, გარკვეული ნეგატიური შედეგიც გამოიღოს. კერძოდ, მკაცრმა რეგულაციებმა შესაძლოა, ბევრი ასეთი მცირე კომპანიის დახურვა გამოიწვიოს, – გადარჩებიან მხოლოდ მსხვილი კომპანიები და მათ ბიზნეს-ინტერესეს შენარჩუნების მიზნით შესაძლოა, გაზარდონ სესხის საპროცენტო განაკვეთი, რაც ისევ მომხმარებელზე აისახება.

”ამიტომ მნიშვნელოვანია, სენსიტიურად და საერთაშორისო პრაქტიკის მაგალითზე მოხდეს რეგულაციების შემოღება” – აღნიშნა ექსპერტმა.

ონლაინ სესხების სფერო რეგულირებულია აშშ-სა და ევროპულ ქვეყნებში. მათ შორის: ბრიტანეთში, ლატვიაში, დანიაში და ა.შ.

შეგახსენებთ, რომ ეროვნულმა ბანკმა უახლოეს მომავალში შესაძლოა, ონლაინ სესხების სფეროს რეგულაციები შეიმუშაოს. როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა განაცხადა, ამ მიმართულებით რეგულაციები უნდა არსებობდეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g