უკრაინაში მიმდინარე რუსული აგრესიის ფონზე, კვლავ განხილვის მთავარი თემაა ქართულ პოლიტიკურ სივრცეში უკრაინისადმი გამოხატული მხარდაჭერის ფორმები. აღნიშნულ საკითხზე საკუთარ მოსაზრებას აფიქსირებს პოეტი, დავით მაღრაძე.
როგორც მან “იმედის” ეთერში აღნიშნა, “თუ ვინმეს ჰგონია, რომ საქართველოს ამ ომში, ამერიკა-რუსეთის დაპირისპირებაში, გარდატეხის შეტანა შეუძლია, ის სამკურნალოა”.
„არ ვიცი, როგორ დასრულდება ეს სამხედრო შეტაკება, რაც უკრაინის ტერიტორიაზე. ამ ომმა უკვე ფართო მასშტაბი მიიღო. მე მინდა, რომ გადარჩეს უკრაინელი ხალხი და უკრაინის სახელმწიფო. ერთია ჩემი სურვილი, თუმცა რა, როგორ წარიმართება, არ ვიცი.
ვიცი, რომ ხშირად, მოგება-წაგება, გამარჯვება-დამარცხების სინონიმი არ არის. ფაქტია, რომ უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთი ამერიკასა და კოლექტიურ დასავლეთს უტევს.
მგონი, ამას არც მათი ლიდერები არ უარყოფენ. ყოველ დღე რამდენიმე ბრიფინგს მართავენ, აშშ-ის პრეზიდენტის ვიზიტებია – ბატონი ბაიდენი დადის ამა თუ იმ ქვეყანაში და ამ ომს აპროტესტებს. რაც შეუძლია, უკრაინას ეხმარება. ოღონდ, ეხმარება აშშ და კოლექტიური დასავლეთიც არა სამყაროს გაწირვის ხარჯზე, არამედ სამყაროს გადარჩენის ხარჯზე, რადგან რუსეთის პრეზიდენტმა საქვეყნოდ განაცხადა, რომ მწყობრში მოეყვანათ ბირთვული იარაღი. ამას ერიდებიან. სამყარო უნდა გადარჩეს.
თუ ვინმეს ჰგონია, რომ საქართველოს ამ ომში, ამერიკა-რუსეთის დაპირისპირებაში, გარდატეხის შეტანა შეუძლია, ის სამკურნალოა. არ განიხილება მათი განცხადებები სერიოზულად, თუ გულწრფელია, ხოლო თუ პროექტის მოქალაქეა, რა თქმა უნდა, მას ანგარება, დავალება აქვს და მას ასრულებს“, – განაცხადა მაღრაძემ.