LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დავით ნარმანია: სამომავლოდ დასაპროექტებელი შენობა-ნაგებობები ენერგოეფექტური იქნება

69

სამომავლოდ დასაპროექტებელი შენობა-ნაგებობები, როგორიც არის ახალი საბავშვო ბაღები და ა.შ. ენერგოეფექტური იქნება, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა დავით ნარმანიამ მდგრადი ენერგეტიკის კვირეულის ფარგლებში გამართულ კონფერენციაზე განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ამასთან, დღეს პირველი მუნიციპალური საბავშვო ბაღის შენობა გაიხსნა, რომელიც საპილოტე პროექტია ენერგოეფექტურობის თვალსაზრისით.

”ეს საშუალებას მოგვცემს წლის განმავლობაში 20 ტონით შევამციროთ ჰაერში CO2-ის მოცულობა, გარდა ამისა, დაიზოგება ელექტროენერგია, დაიზოგება ბუნებრივი აირის მოხმარება, რაც საბოლოო ჯამში ბაღის შენახვის ხარჯებს უფრო ეკონომიურს გახდის. ასევე, მნიშვნელოვანია ის, რომ ჩვენ ვმუშაობთ გარე განათების ენერგოეფექტურ სისტემაზე გადაყვანასთან დაკავშირებულ პროექტებზე, ხოლო, სამომავლოდ დასაპროექტებელი შენობა-ნაგებობები, როგორიც არის ახალი საბავშვო ბაღები და ა.შ. იქნება ენერგოეფექტური და თანამედროვე ევროპული გამოცდილება იქნება გაზიარებული. აღსანიშნავია, რომ რამდენიმე ბაღში უკვე გათვალისწინებულია ის, რასაც ჩვენი ევროპელი პარტნიორებიგვთავაზობენ,“ – განაცხადა ნარმანიამ.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ 2010 წელს თბილისმა ხელი მოაწერა მერების შეთანხმებას, რომლის ფარგლებშიც, თბილისს მნიშვნელოვანი ვალდებულებები აქვს აღებული, რაც გულისხმობს ჰაერში მავნე გამონაბოლქვის მოცულობის და CO2 -ის შემცირებას.

”მაქსიმალურად ინტენსიურად ვმუშაობთ იმ კუთხით, რომ საზოგადოების ცნობიერების დონე გაიზარდოს და თბილისის მერიაში სპეციალურად ამისთვის მდგრადი ენერგეტიკისა და ენერგოეფექტურობის საინფორმაციო ცენტრიც კი გავხსენით” – აღნიშნა ნარმანიამ.

მდგრადი ენერგეტიკის კვირეულის ფარგლებში თბილისის მერია სხვადასხვა სახის ღონისძიებებს მართავს.

კონფერენციას სახელწოდებით „თბილისი  –  ენერგოეფექტური ქალაქი“, რომელიც მერიის ეკონომიკური განვითარების სამსახურის ორგანიზებით მოეწყო, ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძეც დაესწრო. მდგრადი ენერგეტიკის კვირეული მერების შეთანხმების ფარგლებში ყოველწლიურად ტარდება და ღონისძიებაში ენერგეტიკის სფეროში მომუშავე ორგანიზაციები, ასევე, სამთავრობო უწყებები მონაწილეობენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები