გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა, საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ირაკლი კობახიძესთან და პარლამენტის თავმჯდომარესთან შალვა პაპუაშვილთან ერთად, მეღვინეობა „კაჭრეთის“ საწარმო დაათვალიერა.
კომპანია საქართველოში ფრანგული კონიაკის „NAPOLEON“ წარმოებას იწყებს.

„დღევანდელი დღე საქართველოსთვის მნიშვნელოვანი და ისტორიულია. საქართველოში ფრანგული კონიაკის ჩამოსხმა იწყება. ეს განსაკუთრებული მოვლენაა ჩვენი ქვეყნისთვის, რადგან პირველად არის მოცემულობა, როდესაც საფრანგეთის გარეთ ხდება კონიაკის ბრენდის გატანა. ეს არის მნიშვნელოვანი ურთიერთობის და მეგობრობის შედეგი, რომელიც საფრანგეთს და საქართველოს შორის არსებობს. მოგეხსენებათ, კონიაკის ისტორია საქართველოში XIX საუკუნიდან იწყება – 1888 წელს, დავით სარაჯიშვილმა, საფრანგეთში სამწლიანი სწავლების შემდეგ, პირველად ჩამოასხა საქართველოში კონიაკი. შემდგომში გავიდა ის სომხეთში და აზერბაიჯანში. ეს ტრადიცია, რომელიც, ფაქტობრივად, საუკუნე-ნახევარია მოგვყვება, დღეს კიდევ ერთხელ აღდგა. ეს არის დიდი შრომის და დიდი ნდობის შედეგი. ეს არის, უპირველესად, ნდობა ქვეყნის მიმართ, ნდობა მისი ეკონომიკის ზრდის მიმართ. საქართველო, ფაქტობრივად, რეგიონში მშვიდობის კუნძულია. სწორედ მშვიდობა უზრუნველყოფს შესაძლებლობებს ინვესტორებისთვის, რომ საქართველოში შემოვიდნენ და ის გადაწყვეტილებები, რომლებიც ბიზნესისთვის აქამდე შეუძლებელი იყო, დღეს შესაძლებელი გახდა. მინდა, მადლობა გადავუხადო და წარმატებები ვუსურვო კარიჭაშვილების ოჯახს, მადლობა გადავუხადო კაჭრეთის ღვინის მარანს, ამ მნიშვნელოვანი პროექტისთვის“, – განაცხადა დავით სონღულაშვილმა.

