2022 წლის 15 თებერვალს, საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა შეხვედრა გამართა სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისის საკითხებში ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელთან, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარესთან, ტოივო კლაართან, ინფორმაციას ამის შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, შეხვედრაზე განიხილეს რუსეთის პოლიტიკის შედეგად რეგიონში შექმნილი მწვავე უსაფრთხოების გარემო და რუსეთის ნაბიჯები, რომლებიც მიმართულია საქართველოსა და უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ.
მხარეებმა ისაუბრეს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოების, ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებათა კუთხით არსებულ რთულ ვითარებაზე. ყურადღება დაეთმო რუსეთის მხრიდან განხორციელებულ უკანონო და პროვოკაციულ ქმედებებს, მათ შორის, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების დე-ფაქტო ანექსიის მიმართულებით მოსკოვის მიერ გააქტიურებულ ნაბიჯებს, მზარდ მილიტარიზაციას, საოკუპაციო ხაზის მავთულხლართებითა და ხელოვნური ბარიერებით გამაგრებას და ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრებთა ადამიანის უფლებების დარღვევებს.
აქცენტი გაკეთდა თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვასა და უკანონო დაკავებებზე და ხაზი გაესვა უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქეების დაუყოვნებლად გათავისუფლების აუცილებლობას.
შეხვედრაზე ყურადღება დაეთმო ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მიმდინარეობას და ხაზგასმით აღინიშნა რუსეთის მიერ საერთაშორისო ვალდებულებების, მათ შორის 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულების აუცილებლობა.
ასევე, შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკასა და ძალისხმევას კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების მიმართულებით და ერთიან ეროვნულ, ინკლუზიურ პროცესს, რომელიც კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარების სახელმწიფო სტრატეგიის შემუშავებას ისახავს მიზნად.
საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელს მადლობა გადაუხადა რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესში ევროკავშირის მიერ შეტანილი წვლილისთვის და ხაზი გაუსვა ევროკავშირის აქტიური ჩართულობის მნიშვნელობას როგორც კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების, ასევე, რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის ხელშეწყობის საქმეში, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში