საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ბექა დავითულიანის ინფორმაციით, სახალხო დამცველობის კანდიდატებთან დაკავშირებით ოპოზიციასთან შეხვედრა დღეს გაიმართება.
როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, მზად არიან იმსჯელონ ნებისმიერ კანდიდატზე ანა აბაშიძისა და ნაზი ჯანეზაშვილის გარდა.
„მოლაპარაკებები აქამდეც არაფორმალურად მიმდინარეობდა, დღეიდან უკვე ოპოზიციის ძირითადი შემადგენლობა ფორმალურად, ოფიციალურად ჩაერთვება ამ პროცესში და იმედი მაქვს, მივაღწევთ შეთანხმებას. დღეს იქნება შეხვედრა პარლამენტში, წინასწარი განწყობა ასეთია, რომ ძირითადი პოლიტიკური ჯგუფების მხრიდან თანხმობაა (შეხვედრაზე).
ჩვენი პოზიცია მარტივია, ვთქვით, რომ არ წარვადგენთ კანდიდატს, ამის უფლება დავუთმეთ ოპოზიციას და ვთქვით, რომ არავითარი წინაპირობა არ გვაქვს შეთანხმებისთვის გარდა ერთისა, რომ ვინც ამ პროცესში პარლამენტს არ გაუწია ელემენტარული ანგარიში და პატივისცემა არ გამოავლინა, არ მოვიდა და არ გააცნო თავის ხედვები, ასევე ვინც პირდაპირ შეურაცხყოფას არ აყენებს ჩვენს ამომრჩევლებს, ნებისმიერ კანდიდატზე დავილაპარაკებთ, სულ ერთია ვისზე, ამ ეტაპზე ასეთია ჩვენი პოზიცია”, – განაცხადა დავითულიანმა.
დამაზუსტებელ კითხვას, ვინ არის ის, ვინც შეურაცხყოფას აყენებს ამომრჩეველს და პარლამენტს და გულისხმობს თუ არა ანა აბაშიძეს და ნაზი ჯანეზაშვილს, დავითულიანი ასე პასუხობს:
„ორივეს – ერთი არ მოვიდა, მეორემ პირდაპირ განაცხადა შეურაცხმყოფელი რაღაცები, “ფეისბუკზე” ჰქონდა განცხადება, პირდაპირ ილანძღებოდა,”- განაცხადა დავითულიანმა.
აღნიშნულის გათვალისწინებით, რა შანსები აქვს ანა აბაშიძეს, როგორც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატს, დავითულიანი აცხადებს, რომ ამაზე კომიტეტი იმსჯელებს.
ცნობისთვის, მოქმედ სახალხო დამცველს, ნინო ლომჯარიას, უფლებამოსილების ვადა 2022 წლის 8 დეკემბერს ამოეწურა.
ომბუდსმენის მოვალეობას პირველი მოადგილე, თამარ გვარამაძე ასრულებს.
სახალხო დამცველის 6 წლის ვადით ასარჩევად 90 ხმაა საჭირო. ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარის განმარტებით, სახალხო დამცველის თანამდებობაზე ასარჩევად პარლამენტის პლენარულ სხდომაზე კენჭს უყრიან პარლამენტისთვის წარდგენილ ყველა (19) კანდიდატს.