კომპოზიტორი ჯემალ სეფიაშვილი საქართველოს პატრიარქთან ურთიერთობას „იმედის დილასთან“ იხსენებს და აღნიშნავს, რომ
„წარმოუდგენელი რამ მოხდა – ხშირად გვიფიქრია და ეჭვიც არ გვეპარებოდა, რომ სულ იქნებოდა, გაგვათბობდა, მოგვეფერებოდა და იმედით აგვავსებდა… ეს რა გვიქნა?!..
ჩემი მონათვლის ამბავი უნდა გავიხსენო – მამა ებრაელი, დედა – ქრისტიანი. საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე ვარ ებრაელი, ისრაელში ვარ ქართველი. დედა გარდამეცვალა და უნდა ამეღო უფლება, რომ ეკლესიაში შევსულიყავი და სანთელი დამენთო… ვკითხე… ეს, ჩემო ჯემალ, არის უზენაესი საქციელი ებრაელი ადამიანისგანო… ერთი რამ ვიცი, რომ ღმერთი ერთია და ყველას თავისებურად გვეფერება. ის მოფერებაც ჩვენი მოგონილი და დაწესებულია, ხომ მართალია?! ამიტომ მე მწამს ღმერთის და მჯერა მისი… მოხდა ის, რაც მოხდა… რასაკვირველია, ამას მოჰყვა ებრაული საზოგადოებისგან კრიტიკა… ყველას ხომ ვერ გააგებინებ, რა და როგორ არის. მე დღეს ეკლესიაშიც დავდივარ და სინაგოგაშიც და ამით ძალიან ბედნიერი ვარ.
როდის დაიწყო ჩვენი ურთიერთობა? ძალიან დიდი ხნის წინ… 14 წლის წინ სერიოზული ოპერაცია გამიკეთეს გულზე. სულხან ლომინაძემ გადამარჩინა… სამი დღე და ღამე ქალბატონი შორენა იჯდა კლინიკაში და ლოცულობდა. ეს როგორ დავუკარგო ამ ქალბატონს?!. უცებ მესმის ყურში, ჯემალ, ჩემო ძვირფასო, ოპერაცია დასრულდა, ახლა თქვენ გაიღვიძებთ… გავახილე თვალები… თეთრებში ჩაცმული, თეთრწვერიანი ადამიანი დავინახე. ვიფიქრე, უკვე იქ ვარ-მეთქი და არაო, ეს მე ვარო… ოპერაციის წინა დღეს დამირეკეს, რომ პატრიარქი მელოდებოდა. მივედით მე და მანანა, დამლოცა, რომ ყველაფერი კარგად იქნებოდა. ხომ იცი, მე შენ გვერდით ვარო… მისთვის ადამიანი იყო მთავარი. იმიტომ კი არ მოვიდა ჩემთან, რომ ჯემალი ვარ სეფიაშვილი. სხვასთანაც ასეთი იყო…
