პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი აცხადებს, რომ ოპოზიციურ პარტიებს შეთანხმების არანაირი სურვილი არ გააჩნიათ. მისივე განცხადებით, ქვეყანაში დესტაბილიზაციის მოსახდენად, „ნაციონალური მოძრაობა“ სიტუაციას მართავს და სწორედ ამ ამოცანის შესასრულებლად ყველა ოპოზიციური პარტია მას ექვემდებარება.
„სიტუაციას „ნაციონალური მოძრაობა“ მართავს და პრაქტიკულად, მას მთავარი ამოცანის შესასრულებლად ყველა დაექვემდებარა, რაც არის ქვეყანაში დესტაბილიზაციის მოხდენა, მაგრამ ამას წინ აღუდგა საზოგადოების დიდი ნაწილის მოსაზრება და პოზიცია, რაც თუნდაც მათ მიერ ნაქებ „ენდიაის“ კვლევებშიც ჩანს და ამ ყველაფერმა სერიოზული შეშფოთება გამოიწვია ევროკავშირის ქვეყნებსა და ამერიკაში. მხოლოდ ეს მაძლევს იმედს, რომ ჩვენი ოპონენტებისთვის თავის სატელიტ პარტიებთან ერთად მოლაპარაკების მაგიდასთან მისვლა სავალდებულო და აუცილებელი იქნება,” – განაცხადა ვოლსკიმ.
შეგახსენებთ, რომ შარლ მიშელი საქართველოში წარმომადგენელს აგზავნის. ევროპული საბჭოს პრეზიდენტის პირადი წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი ქვეყანაში არსებული პოლიტიკური დაძაბულობის დაძლევის მიზნით, მედიაციას გაუწევს საქართველოს პოლიტიკურ პარტიებს შორის დიალოგს და მჭიდროდ ითანამშრომლებს ევროკავშირის ელჩ კარლ ჰარცელთან.
