დღეს გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს უნივერსალური, პერიოდული მიმოხილვის, მე-3 ციკლის ფარგლებში, ადამიანის უფლებათა მდგომარეობის შესახებ საქართველოს 2020 წელს წარდგენილი ეროვნული ანგარიშის განხილვა გაიმართება. საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, პანდემიის გამო მსოფლიოში შექმნილი ვითარების გათვალისწინებით, განხილვა განსხვავებული ფორმატით – ვირტუალურად გაიმართება.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს დელეგაცია განხილვაში მონაწილეობას თბილისიდან მიიღებს. საქართველოს დელეგაციას კი საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე – ხათუნა თოთლაძე უხელმღვანელებს. დელეგაციის შემადგენლობაში შედიან მაღალი რანგის წარმომადგენლები – აღმასრულებელი, საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლებიდან.
როგორც უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, განხილვის მსვლელობისას, ჟენევაში, გაეროს დარბაზში, საქართველოს დელეგაციას ჟენევაში გაეროსთან და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი, ალექსანდრე მაისურაძე წარმოადგენს.
2020 წლის საქართველოს ეროვნული ანგარიში ყველა შესაბამისი სახელმწიფო უწყების მონაწილეობით მომზადდა. ანგარიშის როგორც მომზადების, ისე მისი განხილვის პროცესს კი, კოორდინაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო უწევს.
საგარეო საქმეთა სამინისტოს განცხადებაში ნათქვამია, რომ ანგარიშს თან ერთვის ინფორმაცია 2015 წელს უნივერსალური პერიოდული მიმოხილვის მე-2 ციკლის ფარგლებში აღებული რეკომენდაციების შესრულების შესახებ. აღსანიშნავია, რომ მე-2 ციკლის ფარგლებში საქართველომ მიიღო 203 რეკომენდაცია და მხარი დაუჭირა 191 რეკომენდაციას.
“საქართველომ ასევე აიღო ნებაყოფლობითი ვალდებულება – მიღებული რეკომენდაციების შესრულების შესახებ შუალედური ანგარიში წარედგინა, რომელიც 2019 წლის მარტში წარვადგინეთ. ეროვნული ანგარიში ასევე წარედგინა საქართველოს სახალხო დამცველს, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებს, მათი მოსაზრებები და კომენტარები კი, ანგარიშის მომზადების პროცესში გავითვალისწინეთ,” – ნათქვამია საგარეო საქმეთა საამინისტროს განცხადებაში.
მათივე ცნობით, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში 2016 წელს განხორციელებული ცვლილებების თანახმად, ანგარიში ასევე განიხილა საქართველოს პარლამენტმა. საქართველოს ანგარიშის განხილვაში მონაწილეობას კი 105 ქვეყნის წარმომადგენელი მიიღებს.
“განხილვის შემდგომ, საქართველომ ანგარიშის განხილვისას გამოთქმულ მიმდინარე რეკომენდაციებთან დაკავშირებით, საკუთარი პოზიციები, წლის მეორე ნახევარში უნდა წარადგინოს. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის, ადამიანის უფლებათა საბჭოს მიერ დაფუძნებული უნივერსალური, პერიოდული მიმოხილვა გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს ახალი და უნიკალური მექანიზმია, რომლის ფარგლებშიც, გაეროს ყველა წევრ სახელმწიფოში, ადამიანის უფლებათა დაცვასთან დაკავშირებით არსებული მდგომარეობა, ყოველ 4-5 წელიწადში ერთხელ განიხილება”, – აღნიშნულია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.