LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღეს ლომისობაა: დღესასწაული, რომელიც სისხლთან ასოცირდება

936
103364008-724294134999584-9049580679455683106-n

დღეს ლომისობაა. ეს უძველესი დღესასწაული აღდგომიდან მეშვიდე კვირას აღინიშნება – არაგვისა და ქსნის ხეობაში. ლომისის წმინდა გიორგის სახელობის სალოცავებიდან ერთი ქსნისა და არაგვის წყალგამყოფ ქედზეა, ხოლო მეორე – სოფელ მლეთაში.

ამ სალოცავებზე ძირითადად შესაწირისთვის ადიან ხოლმე. მლოცველებს სწამთ, რომ ლომისის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია გამორჩეული ძალის მქონეა. ისინი სალოცავს შინაურ ცხოველს, უმეტესად, ცხვარს სწირავენ და სჯერათ, რომ სათხოვარი, რომლითაც ისინი ტაძარში მიდიან, აუსრულდებათ.

ლომისა იყო მთიულეთისა და ქსნის ხეობის მოსახლეობის უპირველესი სალოცავი. თავდაპირველად ის მთვარის საკულტო ტაძარი ყოფილა. 

დღესასწაული ქრისტიანობამდე იღებს სათავეს და წარმართულ ტრადიციებთან ასოცირდება, თუმცა ქართული მართლმადიდებელი ეკლესია ლომისობას აღიარებს.

 

 

ლომისობა ქრისტიანობამდე

მთიულეთში ლომისა წინაქრისტიანული ღვთაება იყო. გადმოცემის თანახმად, მისი სახელწოდება ლომა ხარს უკავშირებს. მოგვიანებით ეს კულტი მთვარის ღვთაებას დაუკავშირდა. ლეგენდებისა და რიტუალების თანახმად, ლომისა მონადირე, მხედარი ღვთაება იყო.

მთის გაქრისტიანების შემდეგ მთვარის ტაძრის ადგილზე ქრისტიანული ეკლესია აუგიათ. წარმართული კულტის ნიშნები კი წმინდა გიორგის დაუკავშირდა, რადგან იგი მეომარია, ქრისტეს მხედარი.

 

ლომისობის მძიმე ჯაჭვი

ლომისობაზე ადამიანები სხვადასხვა რიტუალებსაც ასრულებენ. მაგალითად ტაძარში ინახება საყელურიანი დიდი რკინის ჯაჭვი. ვისაც აღთქმა აქვს დადებული, ანდა რაიმეს ევედრება წმინდანს, ამ ჯაჭვს კისერზე იდებს და ტაძარს ლოცვით სამჯერ უვლის.

ეს რიტუალი ერთი ხალხური გადმოცემიდან მოდის: ლომისის ჯაჭვი ბარიდან კისრით ამოუტანია ძალიან ცოდვილ დადიანის ქალს. მას მონანიების მიზნით აღთქმა დაუდია უფლის წინაშე, რომ იგი ამ მძიმე ტვირთით ფეხშიშველი ავიდოდა სალოცავში. მას აღთქმა აუსრულებია. ამის შემდეგ ჯაჭვი წმიდა გიორგის ეკლესიაში დარჩა და იმ დროიდან მოსახლეობა ცდილობს ამ რიტუალის გამეორებას.

 

ლომისობა ახლა

უწმინდესი ბრძანებს, რომ ადამიანები ლომისობის დღესასწაულზე მარტო ცხვრის დასაკლავად არ უნდა დადიოდნენ; მთავარია საეკლესიო წირვა-ლოცვაზე დასწრება, აღსარების თქმა და ზიარება. შესაძლოა ცხვარიც დაიკლას, მაგრამ ეს უნდა მოხდეს იმ ადამიანთა გამოსაკვებად, რომლებიც ღამისთევით მიდიან და ესწრებიან ღმრთისმსახურებას.

ლომისობა ასევე დაკავშირებულია ბევრ დაშავებულთანაც. ტაძრისკენ მიმავალი მომლოცველები, უამინდობისა და რთული რელიეფის გამო, სიმაღლიდან ვარდებიან. წელს არის მსხვერპლიც.

ლომისობაზე, მამაკაცი ეკლესიის ეზოში გარდაიცვალა

შუახნის მამაკაცი მოულოდნელად შეუძლოდ გახდა.

გარდა ამისა, არის კიდევ ერთი პრობლემა. სალოცავთან ახლოს ე.წ. საზღვარი გადის, საიდანაც ოკუპანტები ხშირად მორწმუნეებს იტაცებენ და “აკავებენ”.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g