საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე მეუფე შიო მუჯირმა ქაშვეთთან, ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით შეკრებილ საზოგადოების მიმართა.
მისი თქმით „დღეს როდესაც მთელს მსოფლიოში ვხედავთ დიდ შეტევას ოჯახურ ღირებულებებზე, აუცილებელი გახდა უფრო აქტიური მხარდაჭერა ოჯახური ღირებულებების და მათი წარმოჩენა როგორც დიდი სიწმინდის“:
ილია მეორე: ყოვლადწმინდაო ღვთისმშობელო, გადააფარე საქართველოს შენი კალთა, საქართველოვ, მიყვარხარ
„თქვენო აღმატებულებავ, ბატონო პრემიერ-მინისტრო, ბატონო დედაქალაქის მერო, ყოვლადსამღვდელონო, მღვდელმთავარნო, მამანო, დედანო, ქრისტეს მიერ საყვარელო დანო და ძმანო, გილოცავთ დღევანდელ შესანიშნავ დღეს, ოჯახის დაცვის დღე, რომელიც უკვე 10 წელიწადია რაც აღინიშნება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის ლოცვა-კურთხევით. გადმოგცემთ მის დალოცვას და კურთხევას.
ოჯახი ყოველთვის სიწმინდედ ითვლებოდა ჩვენს ეკლესიაში საუკუნეების განმავლობაში, მაგრამ დღეს როდესაც მთელს მსოფლიოში ვხედავთ დიდ შეტევას ოჯახურ ღირებულებებზე, აუცილებელი გახდა უფრო აქტიური მხარდაჭერა ოჯახური ღირებულებების და მათი წარმოჩენა როგორც დიდი სიწმინდის. ღმერთმა ადამიანი დასაბამიდან შექმნა როგორც ოჯახი.
ამდენად ,ოჯახი არის ყოფიერების ის ფორმა, რომელიც თავად ღვთისაგან მოგვეცა ჩვენ, სწორედ ამიტომ ვუწოდებთ ოჯახს სიწმინდეს. როგორც იცით, ადამიანი ღმერთმა შექმნა თავის ხატად და მსგავსად და წმინდა მამების ნაწილი ამბობს, რომ სწორედ ოჯახი არის ყოვლადწმინდა სამების ხატების ერთ-ერთი გამოვლინება ადამიანში. როგორც ღმერთს აქვს ერთი ბუნება და სამი ჰიპოსტაზი, ასევე ოჯახსაც აქვს სამი ჰიპოსტასი. მამაკაცის ჰიპოსტასი, ქალის და ბავშვის ჰიპოსტასი და ადამიანი მოწოდებულია ყოვლადწმინდა სამების მსგავსად იცხოვროს სიყვარულში“ – აღნიშნა მეუფე შიომ.
ცნობისათვის, 17 მაისს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის ლოცვა-კურთხევითა და ინიციატივით, ქვეყანაში ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღე აღინიშნება.
ამ დღესთან დაკავშირებით, ქაშვეთის ტაძარში პარაკლისი აღევლინება, რომლის დასრულების შემდეგ სამების ტაძრის მიმართულებით მსვლელობა დაიწყება. დაგეგმილი მსვლელობის გამო, დღეს თბილისის გარკვეულ ქუჩებზე გადაადგილება იზღუდება.