LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღეს უნდა დავასრულოთ ოლიგარქის აბსოლუტური მმართველობა ქვეყანაში – ოპოზიციის ლიდერები

vashadze

„ის, რაც პირველიდან მეორე ტურამდე ვიხილეთ, ალბათ, მსოფლიო სახელმძღვანელოებში შევა,“ – ამის შესახებ მოძრაობა „ძალა ერთობაშიას“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, გიორგი ვაშაძემ ხმის მიცემის შემდეგ განაცხადა.

ვაშაძე საქართველოს მოქალაქეებს მოუწოდებს, არჩევნებზე მივიდნენ და დააფიქსირონ თავიანთი არჩევანი.

„პირველიდან მეორე ტურამდე რაც ვიხილეთ, ალბათ, მსოფლიო სახელმძღვანელოებში შევა. ეს იყო წინასაარჩევნო პროცესის უდიერად მოპყრობა კანონთან, რაც ვიხილეთ ჩვენი ოპონენტებისგან, მაგრამ ჩვენ მშვიდად, წყნარად მივედით მეორე ტურამდე. მოვუწოდებ ამომრჩევლებს, მოდით არჩევნებზე, მიიღეთ მონაწილეობა. თქვენი ბიულეტენი წყვეტს, როგორ საქართველოში ვიცხოვრებთ. მე იმედი მაქვს, რომ ყველანი მოხვალთ და მაქსიმალურად მიიღებთ მონაწილეობას,“ – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

“დღეს არ უნდა დავუშვათ, რომ ქვეყნის პრეზიდენტი გახდეს პირი, რომლის შეხედულებები პირდაპირ საფრთხეს უქმნის ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებას და მომავალს,” – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ ჟურნალისტებს საკუთარი არჩევანის დაფიქსირების შემდეგ განუცხადა.

ბოკერიას თქმით, დღეს უნდა დასრულდეს არა თუ ერთპარტიული, არამედ ერთი პიროვნების, ოლიგარქის აბსოლუტური მმართველობა ქვეყანაში.

„მოლოდინი მაქვს, რომ დღეს უნდა იყოს მაღალი აქტიურობა. დღეს არის ძალიან მნიშვნელოვანი დღე. დღეს არ წყდება იმის ბედი, ვინ გახდება უბრალოდ პრეზიდენტი. ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია. დღეს ჩვენ უნდა დავასრულოთ არა ერთპარტიული, არამედ ერთი პიროვნების, ოლიგარქის აბსოლუტური მმართველობა ქვეყანაში. დღეს არ უნდა დავუშვათ, რომ ქვეყნის პრეზიდენტი გახდეს პირი, რომლის შეხედულებები პირდაპირ საფრთხეს უქმნის ჩვენი ქვეყნის უსაფრთოებას და მომავალს. დღეს არ უნდა დავუშვათ ის, რომ ასე ცინიკურად, უტიფრად შეეძლოს ამ ერთ კაცს, ოლიგარქ ივანიშვილს და მის გუნდს იმის თქმა, როგორც ჩვენ გვინდა ისე იქნება ხალხის და მოქალაქეების ნების საწინააღმდეგოდ. ეს არის დასაწყისი, მაგრამ მნიშვნელოვანი დასაწყისი ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის. ამიტომ ყველას მოვუწოდებ, მოვიდნენ არჩევნებზე და მისცეს ხმა ამ ყველაფრის დასრულებას,” – განაცხადა ბოკერიამ.

ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა მელიამ განაცხადა, რომ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური ღირსების საკითხია. პოლიტიკოსის თქმით, შეუძლებელია უმაღლეს მთავარსარდლად ის ადამიანი აირჩიონ, ვისაც მიაჩნია, რომ ომი მტერ სახელმწიფოსთან დაიწყო მისმა სამშობლომ.

“უაღრესად მნიშვნელოვანი არჩევნებია ღირსების თვალსაზრისით, ჩვენი მომავლის თვალსაზრისით. ეს არჩევნები არ არის უბრალო არჩევნები, ეს არის რეფერენდუმი,” – აღნიშნა მელიამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები