ექსპორტის განვითარების ასოციაცია “ხალხის ძალის” მიერ უცხოური გავლენის აგენტების შესახებ ინიცირებულ კანონპროექტებს ეხმაურება და სოციალურ ქსელში მიმართვას აქვეყნებს. როგორც ასოციაციაში აცხადებენ, ქვეყანაში დღეს მიმდინარე მოვლენები არყევს საქართველოს ევროატლანტიკურ კურსს.
“ევროინტეგრაცია იყო და არის საქართველოს ეკონომიკური და დემოკრატიული გაძლიერების მთავარი ბირთვი. ექსპორტის განვითარების ასოციაცია, მისი კომპეტენციის ფარგლებში, ყოველთვის ცდილობდა კერძო სექტორის ხელშეწყობას, რათა ჩვენი პროდუქცია და მომსახურება კონკურენტუნარიანი ყოფილიყო ევროპასა და სხვა განვითარებული ქვეყნების ბაზარზე. დღევანდელი პროცესები არყევს საქართველოს ევროატლანტიკურ კურსს, რაც ახლა ერთადერთი გზაა ქვეყნის წინსვლისა და განვითარების”, – აღნიშნულია ექსპორტის განვითარების ასოციაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.