LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დიაბეტის მქონე პაციენტებში გავრცელებული მხედველობის ორგანოს დაავადებები და მათი დიაგნოსტირება – გადაცემა „პულსი“

76
milena-noniashvili

30 ნოემბერს რადიო „ფორტუნას“ და თიკო დაბრუნდაშვილის გადაცემას „პულსი“ ოფთალმოლოგი, კლინიკა „ენმედიცის“ ექიმი მილენა ნონიაშვილი სტუმრობდა, რომელმაც დიაბეტურ რეტინოპათიაზე – დიაბეტის მქონე პაციენტებში გავრცელებულ მხედველობის ორგანოს დაავადებაზე ისაუბრა.

– მილენა, ყველამ კარგად იცის, რომ დიაბეტი მსოფლიო ჯანდაცვის აქტუალური პრობლემაა და სამწუხაროდ, არც საქართველოა გამონაკლისი, გართულებებს შორის კი, ერთ-ერთი ყველაზე ვერაგი სწორედ დიაბეტური რეტინოპათიაა. საინტერესოა, კონკრეტულად რას გულისხმობს დაავადება და რამდენად ხშირია მისი გავრცელება?

– რეტინოპათია დიაბეტის ერთ-ერთი გართულებაა, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია პაციენტის ინფორმირებულობა და დაავადების ადრეულ სტადიაზე დიაგნოსტირება. ჩვენი კლინიკა ყოველთვის ინტენსიურად მუშაობს, რათა დროულად მივაწოდოთ პაციენტს საჭირო ინფორმაცია და დავგეგმოთ მისი ვიზიტი შემდგომი კვლევისთვის. სამწუხაროდ, როცა დიაბეტის მქონე პაციენტს მხედველობის დაქვეითება აღენიშნება – ეს უკვე საკმაოდ დამძიმებული გართულების მანიშნებელია და ჩვენც მხოლოდ მხედველობის შენარჩუნება შეგვიძლია. მართალია, ოფთალმოლოგია ამ მხრივ საკმაოდ კარგადაა განვითარებული და პაციენტებსაც სრულფასოვანი დახმარებით ვუზრუნველყოფთ, მაგრამ ჩვენი მთავარი საზრუნავი მაინც არსებული მდგომრეობის შენარჩუნებაა. სწორედ ამიტომ ვცდილობთ გართულების ადრეულ სტადიაზე გამოვლენას და მის დროულად მკურნალობას.

– მსმენია, თითქოს უცხოელი ექიმებისთვის აბსოლუტურად უცხოა გართულებების ის ფორმები, როგორც ჩვენთაა გავრცელებული და ხშირად საქართველოშიც ჩამოდიან მათ შესასწავლად. რამდენად ხშირია ჩვენს ქვეყანაში დაგვიანებული შემთხვევები, როცა პაციენტი მხოლოდ იმიტომ მიდის ექიმთან, რომ თავს გრძნობს შუძლოდ და არა იმიტომ, რომ როგორ დიაბეტით დაავადებული, ვალდებულია მუდმივად შეიმოწმოს მხედველობა?

– გეთანხმებით, დაგვიანებული შემთხვევები ჩვენს ქვეყანაში მართლაც ძალიან ხშირია. საკმაოდ დიდხანს ვსწავლობდი გერმანიაში და პირველი სამუშაო გამოცდილებაც იქ შევიძინე. ყოველთვის მეგონა, რომ საზღვარგარეთ ბევრად მძიმე პათოლოგიებს ვნახავდი, თუმცა ისე შორს წასული დიაბეტური რეტინოპათიის შემთხვევები ნამდვილად არსად მინახავს. ვფიქრობ, მსგავს სიტუაციაში საუკეთესი გამოსავალი მეტი ინფორმირებულობა და პაციენტის ექიმთან ურთიერთობაა. ძალიან მნიშვნელოვანია სწორად ავუხსნათ პაციენტს მისი მდგომარეობა, ვურჩიოთ როგორ აიცილოს თავიდან შემდგომი გართულება და როგორ უნდა მართოს უკვე გართულებულ სტადიაზე დიაგნოსტირებული რეტინოპათია.

– რეტინოპათია პროგნოზირებადი გართულებაა, რომლის პრევენცია თავისუფლად შეიძლება თუ პაციენტი მეტ ყურადღებას მიაქცევს საკუთარ ჯანმრთელობას…

– რა თქმა უნდა, ასეთ შემთხვევაში პრევენცია საკმაოდ მარტივია, თუმცა ხშირად ადამიანი მხოლოდ ოფთალმოლოგთან ვიზიტის და აღმოჩენილი გართულებების შემდეგ გებულობს, რომ დიაბეტითაა დაავადებული. აღსანიშნავია, რომ დაავადების დიაგნოსტირებისას, ენდოკრინოლოგმა აუცილებლად უნდა განუმარტოს პაციენტს რომ რეტინოპათია მხოლოდ გართულებაა, რომელიც შაქრიანი დიაბეტის გაჩენიდან  მინიმუმ 5 წელში ვლინდება. საბედნიეროდ, დღეს დიაბეტის დიაგნოსტირებისას, აუცილებლად დამატებითი კვლევებიც ინიშნება, ოფთალმოლოგები არასდროს იზღუდებიან თვალის ზედაპირული დათვალიერებით და ყოველთვის უფრო ღრმა -ანგიოგრაფიული კვლევას მიმართავენ, რომელიც სისხლძარღვთა ჟონვადობის დიაგნოსტირებას გულისხმობს ან ოპტიკურ-კოჰერენტულ ტომოგრაფიას იყენებენ, ბადურა გარსის დეტალურ შრეობრივ ანალიზს აკეთებენ და იმ ფარულად მიმდინარე პროცესებს ადგენენ, რომლებიც ჯერ არაა მკვეთრად გამოხატული,

– რა რესურსებს ფლობს თანამედროვე მედიცინა ადრეულ სტადიაზე დიაგნოსტირებული დიაბეტური რეტინოპათიის შემთხვევაში?

– მკვეთრად გამოხატული დიაბეტური რეტინოპათიის შემთხვევაში ექიმის ჩარევა მხოლოდ არსებული მდგომარეობის შენარჩუნებას გულისხმობს. გამომიდინარე აქედან, ადრეულ სტადიაზე დიაგნოსტირებული გართულების მართვა ბევრად მარტივია. დაავადების დროულად აღმოჩენისას, ჩვენ პერიოდულ შემოწმებაზე ვიბარებთ პაციენტს და სწორედ გართულების შესაბამის მკურნალობას, მათ შორის დღეს მთელ მსოფლიოში აქტუალურ თვალში ინექციას ვუნიშნავთ, რომელიც აჩერებს და აბალანსებს, ხშირ შემთხვევაში კი, აუმჯობესებს მხედველობას.

– რამდენად აქტუალურია თვალში ნემსის ჩხვლეტის შიში პაციენტებში?

– სამწუხაროდ, პაციენტებს ძალიან აფრთხობთ მსგავსი პროცედურა, თუმცა ამ შემთხვევაშიც ძალიან მნიშვნელოვანია ექიმის პაციენტითან ურთიერთობა, რადგან მხოლოდ ასე   შეიძლება მისი დარწმუნება, ეფექტურად მკურნალობა და სასურველი შედეგის მიღწევა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები