“დიდი იმედი მაქვს, არ დადასტურდება რომ საქართველო იყო ამ კონტრაბანდულ სქემაში ჩართული და რუსეთის შეიარაღებულ ძალებს რაიმე მიეწოდებოდა ჩვენი ქვეყნის გავლით, სანქციების გვერდის ავლით“, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ სტრატეგიული კომუნიკაციების მდივანმა ნიკა ობოლაძემ „ფორტუნას“ გადაცემაში „დღის თემა“ განაცხადა.
მისი შეფასებით, ამგვარი განცხადება ქვეყნის ინტერესებისთვის ძალიან საზიანოა.
„უნდა ვიცოდეთ, რომ უკრაინის დაზვერვა თანამშრომლობს ამერიკისა და სხვა დასავლური ქვეყნების დაზვერვასთან და ისინი ჰაერზე არ აკეთებენ ამ განცხადებებს. ამიტომ გასაგებია, ტრაგედიაა ის, რომ ჩვენ გვაქვს უკრაინასთან ისეთი ურთიერთობა, რომ მას მოუწია ამ განცხადების გაკეთება. იმედი მაქვს, რომ უფრო ღრმად არ წავა ეს პროცესი. არანაირი მტკიცებულებები არ იქნება დადებული საბოლოო ჯამში. თუ ვინმე ოდნავ მაინც ფიქრის დონეზე უშვებდა მსგავს სქემებს, ყველაფერი აქვე დამთავრდება და აღარ გაგრძელდება. ეს თემა უნდა დაიხუროს, ეს ქვეყნის ინტერესებისთვის ძალიან დამაზიანებელია და არ შეიძლება ამ თემით სპეკულირება“, – განაცხადა „ენმ“-ის წარმომადგენელმა, ნიკა ობოლაძემ.
შეგახსენებთ, უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვა აცხადებს, რომ სანქციების გვერდის ავლით, რუსეთის აგენტები აყალიბებენ კონტრაბანდის არხებს, რომლებიც გადის საქართველოს ტერიტორიაზე.
ამავე ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ საქართველოს სპეცსამსახურების წარმომადგენლებს პოლიტიკური ხელმძღვანელობამ დაავალა, არ ჩარეულიყვნენ კონტრაბანდისტების საქმიანობაში.