ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ყალბი დოკუმენტების დამზადება-გამოყენების გზით, დიდი ოდენობით სახელმწიფო ქონების მოტყუებით დაუფლებისა და სამსახურებრივი სიყალბის ფაქტზე, სისხლისსამართლებრივი დევნა სამი პირის მიმართ დაიწყეს.
უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, ბრალდებულებმა, შიდა ქართლის ერთ-ერთი მუნიციპალიტეტის მერიის, იმ პერიოდისათვის მოქმედი თანამშრომლის დახმარებით, ყალბი დოკუმენტების გამოყენებით, მოტყუებით დაირეგისტრირეს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე, 182 511 ლარის ღირებულების სამი მიწის ნაკვეთი – საერთო ფართობით 12 117 მ2.
გამოძიების პროცესში, მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლებული მიწის ნაკვეთები დაყადაღდა.
გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 180-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და 341-ე მუხლით, რაც 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.