„ჩემთვის, როგორც ექიმის, ასევე ადამიანური დამოკიდებულებით, ყველაზე საყურადღებოა ამ პროცესში ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა, გამომდინარე იქიდან, რომ ის რეალურად შიმშილობს და მისი მდგომარეობა დღითი დღე კიდევ უფრო საყურადღებო ხდება,“– ამის შესახებ ჟურნალისტებთან ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძემ ელენე ხოშტარიას მონახულების შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, ხოშტარიასთან მისი ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ისაუბრეს და პოლიტიკურ ასპექტებს არ შეეხნენ. როგორც დიმიტრი ხუნდაძემ აღნიშნა, რა თქმა უნდა, მდგომარეობა საყურადღებოა.
„ძირითადად ვისაუბრეთ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობაზე, პოლიტიკურ ასპექტებს არ შევხებივართ, რომ არ გადაგვეტვირთა, დამატებითი საფიქრალი არ მიგვეცა მისთვის. მდგომარეობა საყურადღებოა და ამ ვითარებაში, ჩემთვის, როგორც ექიმის, ასევე ადამიანური დამოკიდებულებით, ყველაზე საყურადღებოა ქალბატონი ელენეს ჯანმრთელობის მდგომარეობა, გამომდინარე იქიდან, რომ ის რეალურად შიმშილობს და მისი მდგომარეობა დღითი დღე კიდევ უფრო საყურადღებო ხდება.
ჩვენ შევთანხმდით, რომ გვექნება საშუალება კიდევ მოვინახულოთ, მაგრამ მე ვიტოვებ იმედს, რომ მისი ჯანმრთელობა იქნება შენარჩუნებული და იქნება დამდგარი შედეგი, რომ ეს პროცესი დასრულდება და ყველა ჩავდგებით ნორმალურ რეჟიმში, მიუხედავად პოლიტიკური ხედვისა, ეს არის ყველას ინტერესი, რომ ქვეყნის სტაბილურობა იყოს უმთავრესი,“ – განაცხადა ხუნდაძემ.
დეპუტატი ასევე გამოეხმაურა მისი თანაგუნდელისა და დეპუტატის, ნინო წილოსანის შეფასებას, რომელმაც თქვა, რომ რასაც ხოშტარია აკეთებს არის სახელმწიფოს შანტაჟი, ხუნდაძის შეფასებით, არ შეიძლება ამ პროცესს შანტაჟი დაარქვა.
ნინო წილოსანი ელენე ხოშტარიაზე: ჩვენ ვხედავთ ადამიანს, რომელიც სახელმწიფოს აშანტაჟებს
„არ შეიძლება ამ პროცესს შანტაჟი დაარქვა, მას აქვს თავისი პოზიცია. რა თქმა უნდა, ეს გარკვეულწილად კიდევ უფრო მეტად ძაბავს ვითარებას, მაგრამ ეს არის მისი პოზიცია, ჩვენ მას პატივი უნდა ვცეთ და ეს იყო ჩვენი დამოკიდებულება, ჩვენი საუბრის ძირითადი თემა იყო ჯანმრთელობა და არა სხვა პოლიტიკური ასპექტები, რომელიც მისთვის ამ მდგომარეობაში დამატებითი ტვირთი იქნებოდა. ჩვენ ეს უხერხულობა მისთვის არ შეგვიქმნია,“- განაცხადა ხუნდაძემ.
ცნობისთვის, ელენე ხოშტარიასთან, რომელიც უკვე მე-14 დღეა პარლამენტში შიმშილობს, უმრავლესობის დეპუტატები მივიდნენ.