მნიშვნელოვანია, რომ გადამყიდველებმა არ ისარგებლონ სასოფლო-სამეურნეო მიწებზე გამოცხადებული აუქციონით, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ფერმერთა ასოციაციის ორგანიზებით ფერმერებთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, შეხვედრაზე ფერმერებმა სასოფლო-სამეურნეო მიწებზე გამოცხადებულ აუქციონთან დაკავშირებით მოსაზრება დააფიქსირეს და განაცხადეს, რომ მაღალი ინტერესის გამო, მიწაზე საკმაოდ მაღალი ფასები ფიქსირდება.
”აუქციონი არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი, რომელსაც ჩვენ ვიყენებთ. აქ მნიშვნელოვანია, რომ სპეკულანტებმა არ ისარგებლონ ამ ინსტრუმენტით, რაზეც არის გარკვეული ეჭვები. ამ მიმართულებით ჩვენ გადავდგით ნაბიჯები და კიდევ გადავდგამთ, რათა აუქციონით რეალურად იმ ადამიანებმა ისარგებლონ, რომლებიც საბოლოო ჯამში ხელშეკრულებასაც გააფორმებენ და ქვეყანაში დოვლათს შექმნიან,” – განაცხადა ქუმსიშვილმა.