„დისნეიმ“ კომპანიის მომავალ აღმასრულებელ დირექტორად Disney Experiences-ის თავმჯდომარე ჯოშ დ’ამარო დაასახელა. იგი ბობ აიგერს ჩაანაცვლებს.
ინვესტორები და ინდუსტრიის წარმომადგენლები დიდი ხანი ელოდნენ გადაწყვეტილებას, თუ ვინ ჩაიბარებდა ერთ-ერთი ყველაზე ლეგენდარული ამერიკული კომპანიის ხელმძღვანელის პოსტს, რადგან აიგერის წინა მემკვიდრის შერჩევა წარუმატებელი აღმოჩნდა – პარკების მიმართულების ხელმძღვანელი ბობ ჩაპეკი კორპორაციული მართვის სკანდალში გაეხვა, რის გამოც აიგერი აღმასრულებელი დირექტორის პოზიციას დაუბრუნდა და თანამდებობიდან გადადგომა გადაავადა.
დ’ამარო „დისნეის“ აღმასრულებელი დირექტორის მოვალეობის შესრულებას 18 მარტიდან შეუდგება, ბობ აიგერი კი კომპანიის უფროსი მრჩეველი გახდება და დირექტორთა საბჭოს წევრობას 31 დეკემბრამდე შეინარჩუნებს.
„ჯოშ დ’ამარო არაჩვეულებრივი ლიდერია და შესაფერისი კანდიდატი აღმასრულებელი დირექტორის პოსტისთვის“, – განაცხადა აიგერმა – „იგი „დისნეის“ ბრენდის ინსტინქტის დონეზე დამფასებელია და შესანიშნავად ესმის, რა ზემოქმედებს ჩვენს აუდიტორიაზე. ამას თან ერთვის გულმოდგინება და დეტალებზე ორიენტირებულობა, რომელიც აუცილებელია ჩვენი ყველაზე ამბიციური პროექტების განსახორციელებლად. მისი უნარი, შემოქმედებითობა ოპერაციულ სრულყოფილებას შეუთავსოს, სამაგალითოა“.
