12 დეკემბერს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 46-ე რაუნდი გაიმართა, რომლის ფარგლებშიც განსაკუთრებული აქცენტი კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის ჰუმანიტარული პრობლემების გადაჭრის აუცილებლობაზე გაკეთდა. ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ინფორმაციით, რუსეთისა და საოკუპაციო რეჟიმების წარმომადგენელთა დესტრუქციული პოზიციის გამო, ვერ მოხერხდა დღის წესრიგის ერთ-ერთი მთავარი თემის – ეთნიკური წმენდის შედეგად აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნების საკითხის განხილვა.
საგარეო საქმეთა სამინისტროში განმარტავენ, რომ მოლაპარაკებების მონაწილეებმა მოსკოვიდან, სოხუმიდან და ცხინვალიდან დატოვეს მოლაპარაკებები.
უწყების ცნობით, საქართველოს დელეგაციამ ვრცლად ისაუბრა რუსეთის ფედერაციის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების უკანონო ოკუპაციისა და ფაქტობრივი ანექსიის პროცესის მძიმე შედეგებზე ადგილობრივი მოსახლეობისთვის. ყურადღება გამახვილდა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების მილიტარიზაციის პროცესზე, გახშირებულ სამხედრო წვრთნებსა და საქართველოს საჰაერო სივრცის დარღვევის ფაქტებზე.
ქართველმა მონაწილეებმა ისაუბრეს საოკუპაციო ხაზის მავთულხლართებით გამაგრებაზე და დაგმეს სოფელ ატოცთან ხელოვნური ბარიერების აღმართვის უკანონო პროცესი.
საქართველოს წარმომადგენლებმა მწვავედ დასვეს რუსეთის ფედერაციის მიერ 2008 წლის 12 აგვისტოს ევროკავშირის შუამავლობით დადებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების სრულად იმპლემენტაციის აუცილებლობა. საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის უკანონო სამხედრო ყოფნის გაძლიერების ფონზე, ქართულმა დელეგაციამ კვლავ დააყენა მოსკოვის მიერ ძალის არგამოყენების ვალდებულების დადასტურებისა და შესრულების საჭიროება და აღნიშნულის უზრუნველსაყოფად საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების განთავსების აუცილებლობა.
აღინიშნა, რომ ცეცხლის შეწყვეტის პირობების შესრულება, ძალის არგამოყენება და უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შექმნა წარმოადგენს ადგილზე მდგრადი მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის აუცილებელ და განუყოფელ კომპონენტებს. მოლაპარაკებებისას განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა არჩილ ტატუნაშვილის, გიგა ოთხოზორიასა და დავით ბაშარულის მკვლელობის ფაქტებზე.
საქართველოს წარმომადგენლებმა კვლავ დააყენეს აღნიშნულ საქმეებზე მართლმსაჯულების აღსრულების საჭიროება. ვრცლად იქნა განხილული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში, ისევე, როგორც საოკუპაციო ხაზის მიმდებარე ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობის უფლებრივი მდგომარეობა. საუბარი შეეხო თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვის, მშობლიურ ენაზე განათლების მიღების აკრძალვის, საკუთრებისა და სხვა ფუნდამენტური უფლებების დარღვევის საკითხს. განსაკუთრებული განხილვის საგანი იყო გალისა და ახალგორის ქართველი მოსახლეობის ეთნიკური დისკრიმინაციის მძიმე შედეგები და ამ გამოწვევის დაუყოვნებლივ გადაჭრის აუცილებლობა.
აღინიშნა, რომ არსებული დისკრიმინაციული შეზღუდვები და შედეგად ადგილზე შექმნილი რთული სოციალურ-ეკონომიკური ვითარება ქმნის ეთნიკური წმენდის ახალი ტალღის საფრთხეს. ამ კონტექსტში, ხაზი გაესვა რუსეთის ფედერაციის, როგორც ოკუპირებულ ტერიტორიებზე ეფექტური კონტროლის განმახორციელებელი ძალის, პასუხისმგებლობას. ადგილზე უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული კუთხით არსებული გამოწვევების ფონზე, კვლავ ხაზგასმით აღინიშნა გალისა და ერგნეთის ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების შეხვედრების დროულად, ფუძემდებლური პრინციპების დაცვით აღდგენის აუცილებლობა. რუსეთისა და საოკუპაციო რეჟიმების წარმომადგენელთა დესტრუქციული პოზიციის გამო, ვერ მოხერხდა დღის წესრიგის ერთ-ერთი მთავარი თემის – ეთნიკური წმენდის შედეგად აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნების საკითხის განხილვა.
აღნიშნულ თემაზე დისკუსიის თავიდან აცილების მიზნით, მონაწილეებმა მოსკოვიდან, სოხუმიდან და ცხინვალიდან დატოვეს მოლაპარაკებები. ევროკავშირის, გაერო-სა და ეუთო-ს მხრიდან თანათავმჯდომარეები და თანამოდერატორები ისევე, როგორც აშშ-ის წარმომადგენლები ერთიანი იყვნენ ადგილზე უსაფრთხოების, ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებათა კუთხით ვითარების გამოსწორების აუცილებლობის საკითხში.