LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჟვანია და ტატიაშვილი თანმხლებ პირებს ამხელენ: შაქარაშვილის საქმის ახალი გარემოებები

390
nika jvania giga tatiashvili

19 წლის ფეხბურთელის საქმეზე დაკავებულ გიგა ტატიაშვილსა და ნიკა ჟვანიას გამოძიებისთვის მნიშვნელოვანი ჩვენებები აქვთ მიცემული და ისინი მათ თანხმლებ პირებს ამხელენ. ამის შესახებ ჟურნალისტებს შაქარაშვილის საქმის პროკურორმა ნანა გუგუტიშვილმა განუცხადა.

როგორც გუგუტიშვილმა განმარტა, დღევანდელ სასამართლო პროცესზე დასაკითხი ექსპერტები გიორგი შაქარაშვილის ცხედრის სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნასთან დაკავშირებით ისაუბრებენ.

„წარმოდგენილი გვყავს ექსპერტები, როგორც სამხარაულის სახელობის ეროვნული ბიუროდან, ასევე დამოუკიდებელი ექსპერტი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო გიორგი შაქარაშვილის ცხედრის სამედიცინო ექსპერტიზის კვლევაში და გაცემული აქვს დასკვნა. ექსპერტიზის დასკვნით განსაზღვრულია სხეულზე მიყენებული დაზიანებების ხანდაზმულობა და მექანიზმი, ამ მექანიზმით დადგინდა, რომ დაკავებულებს ჩადენილი აქვთ ბრალად შერაცხული ქმედება. რაც შეეხება სრულწლოვან პატიმრებს, გამოძახებულია გიგა ტატიაშვილი, მან გამოთქვა სურვილი და მისცემს სასამართლოს ჩვენებას. გამოძახებულია ასევე ნიკა ჟვანია, თუმცა, არ ვიცით მისცემს თუ არა ის ჩვენებას.

აღნიშნულ პირებს გამოძიების ეტაპზე მიცემული აქვთ მნიშვნელოვანი ჩვენება და ისინი ამხელენ მათ თანხმლებ პირებს დანაშაულებრივი ქმედების ჩადენაში. რაც შეეხება ტატიაშვილს, მას სახელითა და გვარით აქვს იდენტიფიცირებული მასთან ერთად მყოფი პირები. სწორედ ამ საკითხებზე დავუსვამთ მხარეები კითხვებს”, – განაცხადა გუგუტიშვილმა.

დღესვე ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებული 6 არასრულწლოვნის საქმეზე მცხეთის რაიონულ სასამართლოში დამოუკიდებელი ექსპერტი ალექსანდრე გეჯაძე დაიკითხება.

როგორც პროცესის დაწყებამდე მან ჟურნალისტებს განუცხადა, ის სასამართლოში, როგორც ბრალდების მხარის მოწმე დაიკითხება. გეჯაძე ასევე განმარტავს, რომ ექსპერტიზის არცერთ დასკვნაში შეუსაბამობა არაა.

შაქარაშვილის საქმეზე ერთ-ერთი ბრალდებულის ნ.ც.-ს ადვოკატის, არჩილ ბერიანიძის განცხადებით, გიგა ტატიაშვილი დაადასტურებს, რომ არანაირ ორგანიზებულ ჯგუფურ ძალადობას ადგილი არ ჰქონია.

„ექსპერტთან შემდეგი სახის კითხვები გვექნება, დაადგინა თუ არა ექსპერტიზამ გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების ზუსტი დრო და ასევე, რამდენად მყარია ის დასკვნა, რომელიც უშუალოდ მათ მიერ დაიწერა. მოგეხსენებათ, აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეში რამდენიმე სახის ექსპერტიზაა წარმოდგენილი. ჩვენ აღნიშნულ ექსპერტიზებთან გვექნება კითხვები, თუ რა თანხვედრაა აღნიშნულ საკითხებში და თუ დასკვნებს შორის აცდენაა, რამ გამოიწვია სხვადასხვაობა.

გიგა ტატიაშვილი დაადასტურებს, რომ არანაირ ორგანიზებულ ჯგუფურ ძალადობას ადგილი არ ჰქონია. ამის თქმის საშუალებას მაძლევს ზოგადად სისხლის სამართლის გარემოებები, მტკიცებულებები და ის, რომ ფიზიკურად ფაქტი არ არსებობს, რომ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფმა ჯგუფური ძალადობის ორგანიზება ჩაიდინა. წარდგენილ ბრალდებას ვერცერთი მოწმე, მათ შორის, ვერც გიგა ტატიაშვილი ვერ დაადასტურებს”, – განაცხადა არჩილ ბერიანიძემ პროცესის დაწყებამდე.

დღევანდელ პროცესზე დამოუკიდებელი ექსპერტი ალექსანდრე გეჯაძეც გამოიკითხა. მან კიდევ ერთხელ განმარტა, რომ გიორგი შაქარაშვილი დაზიანებებს დაცემის, ფერდობზე ჩაგორების, სიმაღლიდან ვარდნისას ვერ მიიღებდა.

“შეკითხვები ძირითადად კონცენტრირებული იყო დაზიანებების განვითარების შესაძლებლობებზე. მთლიანობაში დაზიანებებს, რაც აღენიშნებოდა, დაცემის შედეგად ვერ მიიღებდა, ვერ მიიღებდა ფერდობზე ჩაგორების რეჟიმში, ვერ მიიღებდა სიმაღლიდან ვარდნისას – 20-25 მეტრის სიმაღლიდან, ხიდიდან წყალში მოხვედრის პირობებში, დავუდასტურე პასუხები. ერთ-ერთი შეკითხვა იყო ის, რომ შეიძლებოდა თუ არა შაქარაშვილს დაზიანებები მიეღო მანქანასთან შეჯახების დროს, გავეცი პასუხი რომ ეს გამორიცხული იყო. პასუხი გამომდინარეობდა დაზიანებებიდან, რადგან არც ერთი შინაგანი ორგანო დაზიანებული არ ყოფილა. დაზიანებების ხანდაზმულობა არის 10-დან 20 წუთამდე დროის ინტერვალით და ეს დადგენილია კვლევებით”, – განაცხადა გეჯაძემ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g