LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დმანისის თეატრს 19 იანვარს 31 წელი უსრულდება

186
138395898-2890550511266243-6789699305740085575-n

19 იანვარს ზინაიდა კვერენჩხილაძის სახელობის დმანისის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის დაარსებიდან 31 წელი სრულდება. ამ თარიღთან დაკავშირებით, თეატრის facebook გვერდზე 2020 წლის ვიდეო ანგარიში გამოქვეყნდება.

“გვინდა, ასეთი ტრადიცია დავამკვიდროთ – ყოველ 19 იანვარს, თეატრი გასული წლის ანგარიშს ჩააბარებს საზოგადოებას. მიუხედავად იმისა, რომ პანდემიის პირობებში თითქმის ყველა საიუბილეო ღონისძიება გაუქმდა, დმანისის თეატრში ერთი დღითაც არ შეწყვეტილა შემოქმედებითი პროცესი და თეატრმა ამ რთულ პერიოდში არაერთი აქტივობა შესთავაზა თავის მაყურებელს ონლაინ თუ ღია სივრცეებში:

გაიმართა წარმოდგენები ღია სივრცეში, რომელსაც 1000-ზე მეტი ადამიანი დაესწრო. ასევე ტარდებოდა ონლაინ სივრცეში, სადაც 12 ონლაინ აქტივობა წარმოვადგინეთ. წარმოდგენებს კი ჯამში 20 000 მნახველი ჰყავდა. გარდა ამისა, გვქონდა 2 პრემიერა, 3 გასტროლი, ამასთან მონაწილეობა მივიღეთ რეგიონული თეატრების საერთაშორისო ფესტივალზე, რომელიც ფოთში გაიმართა”, – აღნიშნულია დმანისის თეატრის ოფიციალურ განცხადებაში.

თეატრმცოდნე ლაშა ჩხარტიშვილმა, დადებითად შეაფასა თეატრის აქტივობები პანდემიის პირობებში და აღნიშნა, რომ დმანისის თეატრმა პრობლემების მიუხედავად, კრეატიული მიდგომებით განსაკუთრებული ინიციატივა გამოიჩინა.

,,ძალიან ცოტა თეატრი თუ აქტიურობდა პანდემიის პერიოდში და უცებ ონლაინ სივრცეში გამოანათა დმანისის თეატრმა, რომელსაც ფაქტობრივად არ აქვს არანაირი ბიუჯეტი, არ ყავს მუდმივმოქმედი დასი, მაგრამ საკმაოდ ორიგინალურად გამოეხმაურა არსებულ სიტუაციას. ორმაგად დასაფასებელია, როცა რთულ პერიოდში ინიციატივას ასეთი თეატრი იჩენს. თითქოს მათ დაირღვიეს სტერეოტიპები, რომ ყველაფერს სჭირდება ბიუჯეტი… მთავარია გქონდეს კრეატიული მიდგომა პრობლემის დროს“,-განაცხადა ლაშა ჩხარტიშვილმა.

თეატრის აქტივობებზე ისაუბრა, თეატრმცოდნე მაკა ვასაძემაც.

,,დმანისის თეატრმა რეგიონული თეატრების ფესტივალზე მოზარდებთან ერთად, სულის შემძვრელი, ბევრ რამეზე დამაფიქრებელი, ემოციური მუხტით აღვსილი სანახაობა შექმნა. რეჟისორმა სხვადასხვა თეატრალური ფორმა გამოიყენა, არავერბალური და ვერბალური თეატრალური ხერხების შერწყმით, მსუბუქად, ისე, როგორც ეს ახალგაზრდებისთვისაა დამახასიათებელი, გადმოგვცა დღევანდელი დმანისის უმნიშვნელოვანესი პრობლემები. პერფორმანისის ყურებისას მაყურებელი ცრემლს ვერ იკავებდა”,- აღნიშნა მაკა ვასაძემ.

შეგახსენებთ, დმანისის თეატრი 1990 წლის 19 იანვარს დაარსდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები