LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

DRI ულტრამემარჯვენე ჯგუფების იდეოლოგიური პროპაგანდისა და პოლიტიკური დისკურსის შესწავლას განაგრძობს

82
დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი

დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი (DRI) ულტრამემარჯვენე ჯგუფების იდეოლოგიური პროპაგანდისა და პოლიტიკური დისკურსის შესწავლას განაგრძობს. მათივე ცნობით, ჯამში, სექტემბერ-დეკემბრის საანგარიშო პერიოდში, სხვადასხვა ონლაინ პლატფორმებზე გავრცელებული 865 მანიპულაციური და დეზინფორმაციული ნარატივი გამოაშკარავდა.

ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ ულტრამემარჯვენე ლიდერების ყურადღების ცენტრში იყო ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები.

„მათ რიტორიკაში, რომელიც მიმართული იყო „ნაციონალური მოძრაობის“ დისკრედიტაციისკენ, პირდაპირ თუ შეფარულად გამოიკვეთა  სახელისუფლებო პარტიის მხარდამჭერი გზავნილები. მაგალითად, მიუხედავად ხელისუფლებისადმი დემონსტრირებული ნეგატიური დამოკიდებულებისა, ლევან ვასაძე ბიძინა ივანიშვილს მოიხსენიებდა დიდ ქველმოქმედად და ლიბერალური დასავლეთის პირად ტყვედ.

საქართველოში, თვითმმართველობის არჩევნებისა და პანდემიის ფონზე, გაგრძელდა ულტრამემარჯვენე ჯგუფების პოლიტიკურ პარტიებად ტრანსფორმაციის პროცესი. 2021 წლის 30 ოქტომბერს, ზვიად ტომარაძემ საზოგადოებას ახალი პოლიტიკური სუბიექტი „ერი და სახელმწიფო“ წარუდგინა. 2021 წლის 7 დეკემბერს ოფიციალურად დარეგისტრირდა ულტრამემარჯვენე, ქსენოფობიური და ჰომოფობიური მედია პლატფორმის „ალტ-ინფოს“ ბაზაზე შექმნილი ახალი პოლიტიკური პარტია „კონსერვატიული მოძრაობა“, რომელიც სამომავლო გეგმებში აქტიურად განიხილავს კრემლთან მოკავშირეობასა და პარტნიორული კავშირების განმტკიცებას.

მნიშვნელოვან ტენდენციად გამოიკვეთა ულტრამემარჯვენე ძალების რეორგანიზაციის და კონსოლიდაციის საკითხიც. „ქართული მარშის“ ლიდერმა სანდრო ბრეგაძემ პარტიის სრული განახლება დააანონსა; „ქართული იდეის“ თავმჯდომარემ ლევან ჩაჩუამ არჩევნების ფონზე ეროვნულ-კონსერვატიული ფლანგის გაერთიანების საკითხი წამოჭრა.

ულტრამემარჯვენე ჯგუფების ანტივაქსერული კამპანია

ულტრამემარჯვენე ლიდერები და აქტივისტები ზვიად ტომარაძე და ბექა ვარდოსანიძე სხვადასხვა ონლაინ პლატფორმებზე აქტიურად ეწევიან ანტივაქსერულ კამპანიას. მათი ორგანიზებით, საანგარიშო პერიოდში „მწვანე პასპორტებისა“ და კოვიდ რეგულაციების წინააღმდეგ არაერთი საპროტესტო აქცია ჩატარდა. მათი ანტივაქსერული კამპანია ვაქცინაციის წინააღმდეგ დეზინფორმაციული და მანიპულაციური მასალის გავრცელების ფონზე მიმდინარეობს. „ქართული იდეის“ ლიდერმა  ლევან ჩაჩუამ საზოგადოებას მოუწოდა,  უარი თქვას პოლიტიკურ ელიტაზე, რომელიც სავალდებულო ვაქცინაციას დააკანონებს.

ზვიად ტომარაძემ „კოვიდტერორად“ შეაფასა უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილება მოსწავლეებისთვის პირბადის ტარების ვალდებულებასთან დაკავშირებით.  მისი განცხადებით, პირბადის ტარება უფუნქციოა და იმუნიტეტის დაქვეითებას იწვევს. რეალურად, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის თანახმად, სწორედ პირბადეა ერთადერთი გარანტი ვირუსისგან თავდასაცავად. აღნიშნული დეზინფორმაცია ასევე გაავრცელეს ულტრამემარჯვენე მედია პლატფორმებმა „ალტ-ინფო“ და „ობიექტივი“.

ულტრამემარჯვენე ჯგუფების ანტიდასავლური კამპანია

საანგარიშო პერიოდში ულტრამემარჯვენე ჯგუფებში განსაკუთრებით გაძლიერდა ანტიდასავლური და ანტილიბერალური დისკურსი. აგრესიული რიტორიკის სამიზნე აღმოჩნდნენ ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი კელი დეგნანი, საქართველოში ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი და სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია.

2021 წლის 24 დეკემბერს „კონსერვატიული მოძრაობის“ ლიდერებმა საპროტესტო აქცია გამართეს 5 ივლისს ჟურნალისტებზე ძალადობრივ თავდასხმაში ბრალდებული თანამოაზრეების გათავისუფლების მოთხოვნით. პარტიის ლიდერებმა ზურა მახარაძემ და კონსტანტინე მორგოშიამ სოციალური ქსელები გამოიყენეს მხარდამჭერთა მობილიზაციისთვის და 20 დეკემბერს გაავრცელეს ვიდეო მიმართვები, სადაც საზოგადოებას მოუწოდეს სახალხო დამცველის ოფისთან საპროტესტო აქციაში მიეღოთ მონაწილეობა. 21 დეკემბერს „ალტ ინფოსთან“ დაკავშირებულ ფეისბუკ გვერდზე „ტრადიციონალისტური პლატფორმა“ ვირუსულად გავრცელდა ვიდეოები „ლიბერალიზმი მოკვდა.“ ვიდეოში „კონსერვატიული მოძრაობის“ მხარდამჭერები მოუწოდებენ თანამოაზრეებს საპროტესტო აქციაში მონაწილეობისკენ და პროტესტის ნიშნად წვავენ ევროკავშირის და ამერიკის შეერთებული შტატების დროშებს და ვახო სანაიას, ინგა გრიგოლიას, ნიკა გვარამიას და გიორგი თაბაგარის ფოტოებს. „კონსერვატიული მოძრაობის“ მხარდამჭერები სწორედ მათ სდებენ ბრალს  5 ივლისის ძალადობრივი მოვლენების ორგანიზებაში.

ვიდეო მასალა ვირუსულად გავრცელდა ფეისბუკ გვერდებზე: „ქართველი კონსერვატორები“ და „ლევან ვასაძის მხარდამჭერები“. ანტიდასავლური და ანტილიბერალური რიტორიკა შენარჩუნდა უშუალოდ აქციის დღესაც. „კონსერვატიული მოძრაობის“ ლიდერები პირდაპირ აკისრებდნენ პასუხისმგებლობას 5 ივლისის ძალადობის ორგანიზებაზე ამერიკის შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის საელჩოებს“, – წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

magti 5g