“დღეს არ არის იმის დრო, ერთმანეთს რაღაც წვრილმან პრობლემებზე ვეკინკლაოთ. დროა, გავერთიანდეთ და უსაფრთხოების პრობლემები, რაც ქვეყანას აქვს, ერთად გადავწყვიტოთ”, – აცხადებს საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე და აცხადებს, რომ დაყოფა და პოლარიზაცია კიდევ უფრო გააღრმავებს უსაფრთხოების პრობლემებს, რაც ერთადერთ ქვეყანას – რუსეთს აწყობს.
როგორც ნიკოლოზ სამხარაძე ამბობს, ვერ იხსენებს მომენტს, როდესაც “ქართული ოცნება” დაყოფასა და პოლარიზაციაზე საუბრობდა და კიდევ ერთხელ მიმართავს ოპოზიციას, გაერთიანდნენ ერთი მიზნის გარშემო:
“ჩვენ ყოველთვის შერიგებასა და ერთიანობაზე ვსაუბრობთ. საზოგადოებამ კარგად იცის, თუ საიდან მოდის პოლარიზაცია და სიძულვილის ენა. თუ ოპოზიცია ისურვებს, რომ მათ ხალხის მიერ მინიჭებული მანდატი მიიღონ, ჩვენ მზად ვართ, ნებისმიერ ფორმატში, ნებისმიერი სახით ვისაუბროთ მათთან.
დღეს არ არის იმის დრო, ერთმანეთს რაღაც წვრილმან პრობლემებზე ვეკინკლაოთ. დროა, გავერთიანდეთ და უსაფრთხოების პრობლემები, რაც ქვეყანას აქვს, ერთად გადავწყვიტოთ. ყველანაირი დაყოფა და პოლარიზაცია კიდევ უფრო გააღრმავებს უსაფრთხოების პრობლემებს, რაც ერთადერთ ქვეყანას, რუსეთს აწყობს.” – განაცხადა სამხარაძემ.
მისივე თქმით, ნიკა მელიას ჰქონდა შესაძლებლობა, ციხეში არ წასულიყო, თუმცა პირიქით – ამისთვის ყველაფერი გააკეთა. აქედან გამომდინარე, სამხარაძე ამბობს, რომ “მელიას ციხეში წასვლა მათი გადაწყვეტილებაა და შედეგები საკუთარ თავზე უნდა იწვნიონ”.