ყველა ვთანხმდებით, რომ შობა-ახალი წელი მერაია ქერის გარეშე წარმოუდგენელია. უკვე წლებია დღესასწაულების მოახლოებას არტისტი სპეციალური ვიდეოთი და საშობაო ჰიტით – All I Want for Christmas Is You გვამცნობს.
ცნობილი ფაქტია, რომ ჰელოუინის შემდეგ, ყოველი წლის 1-ელ ნოემბერს, მერაია ქერი სადღესასწაულო სეზონს გახსნილად აცხადებს.
მან ტრადიციას არც ამჯერად უღალატა და ქსელში ვიდეო ატვირთა:
,,დროა!” – მღერის ,,შობის დედოფალი” თავის განთქმულ მსტვენ რეგისტრში, შემდეგ კი კადრი ჩვენთვის ნაცნობი მელოდიით გრძელდება.
შეგახსენებთ, რომ მერაია ქერიმ ,,შობის დედოფლის” სტატუსი სწორედ 1994 წლის სიმღერის დამსახურებით მოიპოვა. კომპოზიცია მუსიკოსის ამავე წლის მეოთხე და პირველი საშობაო სტუდიური ალბომის – Merry Christmas ლიდ სინგლია. 28 ოქტომბერს, დისკის გამოსვლიდან 31 წელი გავიდა.
საკულტო ჩანაწერი ყოველი წლის ნოემბრიდან ჩარტების სათავისკენ მიიწევს, შემდეგ კი როგორც ინტერნეტში ხუმრობენ, მერაია ქერის საბანკო ანგარიშზე რიცხვი გეომეტრიული პროგრესიით იზრდება. მხოლოდ ამ სიმღერამ ქერის 100 მილიონ დოლარზე მეტი მოუტანა.
მომღერალი სიმღერის ასეთ პოპულარობას არ ელოდა მაშინ, როცა კომპოზიცია მსოფლიოში პირველად მოისმინეს – ,,ერთადერთი რამ, რაც საშობაოდ მინდა, შენ ხარ” შობა-ახალი წლის უცვლელ საუნდტრეკად, გამოსვლიდან ათწლეულების შემდეგ იქცა.
All I Want for Christmas Is You პირველი საშობაო ტრეკია, რომელსაც ამერიკის ხმისჩამწერი კომპანიების ასოციაციამ (RIAA) ბრილიანტის სტატუსი მიანიჭა.