საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის თაობაზე დადგენილების პროექტი დღეს პარლამენტის ბიუროს სხდომას წარედგინება.
„ქართულმა ოცნების“ მიერ მომზადებული დადგენილების პროექტი ოპოზიციურ პარტიებს არჩევნების შედეგების შესწავლას სთავაზობს. მმართველ გუნდში პირობას დებენ, რომ კომისიის მიერ ერთპროცენტიანი გადაცდომის დადგენის შემთხვევაში, ახალ საპარლამენტო არჩევნებს დანიშნავენ.
კომისიის მუშაობაში ჩართვას აპირებენ „ევროპელი სოციალისტები“, „მოქალაქეები“ კი, საკუთარ წინაპირობას აყენებენ და ითხოვენ, კომისიის მუშაობაში „ნაციონალური მოძრაობის“, „ევროპული საქართველოსა“ და „პატრიოტთა ალიანსის“ წარმომადგენლები ჩაერთონ.
თუმცა, ბოიკოტის რეჟიმში მყოფი ოპოზიციური პარტიები კომისიის მუშაობაში ჩართვაზე უარს ამბობენ.
რეგლამენტის გათვალისწინებით, კომისიის შექმნას 50 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდება. კომისია დადგენილების წარდგენიდან ორი კვირის ვადაში უნდა შეიქმნას, რის შემდეგაც, საპროცედურო საკითხთა კომიტეტი კვოტებს გადაანაწილებს.
