LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„პარლამენტის ღია კარი“ – ვის ხელშია პოლიტიკური უპირატესობა? – „ოცნებისგან“ ოპოზიცია არარეალურ ნაბიჯს ელოდება“

159
ხათუნა

„პარლამენტის ღია კარი“ – ვის ხელშია პოლიტიკური უპირატესობა? რომელმა მხარემ დაკარგა ვითარებაზე კონტროლი? ერთი შეხედვით, თითქოს ვხედავთ მიზანმიმართულ, შედეგზე ორიენტირებულ ნაბიჯებს, თუმცა  მანდატების გაუქმებაზე უარის თქმით, რა ტიპის ტაქტიკური სვლა მივიღეთ „ქართული ოცნებისგან“, ღიად გაცხადებული პოლიტიკის მიღმა რა ქვეტექსტებს ვკითხულობთ,  – ამ საკითხებზე „ფორტუნას“ გადაცემა „კვირის თემა“ ნინი ხუგაშვილთან ერთად პოლიტოლოგმა ხათუნა ლაგაზიძემ ისაუბრა.

„რა თქმა უნდა, ქვეტექსტებით დატვირთული ნამდვილად არის „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილება, მანდატები გარკვეულ ვადამდე არ გააუქმოს. ამას განაპირობებს რამდენიმე მიზეზი. პირველი ეს გახლავთ „ქართული ოცნების“ მცდელობა, დემოკრატიული ფერუმარილი შეინარჩუნს დასავლეთის თვალში. პროცესის განმავლობაში ევროკავშირისა და ამერიკის შეერთებული შტატების ელჩები ძალიან მკვეთრად გამოხატავდნენ თავიანთ პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ პარლამენტის კარი უნდა დარჩეს ღია. ეს ღია კარი ნიშნავს საშუალებებს მოლაპარაკებებისთვის.

მანდატების არგაუქმება უმნიშვნელოვანესი ბერკეტია ხელისუფლებისათვის, იმისთვის, რომ  დემოლარიზაცია, არეულობა და ურთიერთდაპირისპირება შეიტანოს ოპოზიციის რიგებში. 

პარალელურად გვესმის, რომ 20-მდე დეპუტატი მზადაა შევიდეს პარლამენტში, ეს ბუნებრივია იწვევს ოპოზიციაში ერთმანეთის მიმართ ეჭვს და უნდობლობას. სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი გახლავთ ის, რომ პარლაენტში შესვლა-არშესვლის საკითხზე ორიენტირებული ოპოზიცია ვეღარ ახერხებს კონცენტრირებას არანაკლებ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიც არის საგარეო პოლიტიკა და საფრთხეები, რომელიც ამ ქვეყანას აქვს შემოჯარული და ის სოციალურ ეკონომიკური პრობლემები, რომელშიც იძირება საქართველოს მოსახლეობა და ამომრჩეველი, მათ შორის ოპოზიციის ამომრჩეველი თავს გრძნობს მიტოვებულად იმ პარტიებისგანაც, რომლებსაც მათ ხმა მისცეს სულ რამდენიმე თვის წინ.

ბუნებრივია, ეს ოპოზიციის იმიჯს ანგრევს. გამოდინარე აქედან ეს ყველაფერი ცალსახად ასხამს წყალს ოპოზიციის წისქვილზე“.- ამბობს ლაგაზიძე.

პოლიტოლოგი ამბობს, რომ ის ნაბიჯი, რასაც  ოპოზიცია ხელისუფლებისგან ელოდება, არარეალურია.

„ქართული ოცნებისგან“ ოპოზიცია არარეალურს ელოდება- ეს არის რიგგარეშე არჩევნების დანიშვნა. დღევანდელი მოცემულობით „ქართული ოცნება“ ამ ნაბიჯზე წამსვლელი არ არის. მით უფრო მაშინ, როდესაც უცნაურად ლოიალურები არიან დასავლეთის ელჩები. მიკვირს, რომ ევროკავშირის გაცხადებული პოლიტიკა საქართველოს მიმართ, არის მხოლოდ ის, რომ მთავარია სტაბილურობა.  ის, რომ დღეს ევროკავშირის წარმომადგენელი ბატონი კარლ ჰარცელი თეა წულუკიანს გამოძახილზე, ერთ-ერთი რიგითი დეპუტატის დაწერილ სტატუსის შემდეგ ხვდება პარლამენტში, ჩემთვის სრულიად აუხსნელია. სხვა თუ არაფერი ღირსების საკითხია და თან ეახლა, რისთვის? დასატუქსად. მოისმინა წულუკიანისგან დატუქსვა და ჩვენ ვსაუბრობთ ევროკავშირზე და მის წარმომადგენელზე. არავინ იფიქროს, რომ ეს ღირსებას მატებს საქართველოს პროდასავლულ კურსს. მათ შორის თუნდაც „ქართული ოცნების“ ამომრჩეველში. აღარაფერს ვამბობ, რომ ეს იწვევს ძალიან დიდ იმედგაცრუებას ოზიციურ ამორჩეველში. არადა დასავლეთი და განსაკუთრებით აშშ-ი დღეს არის ერთადერთი ღერძი საქართველოს უსაფრთხოებისა და დამოუკიდებლობისა,  დღეს ყველაზე მძიმე ვითარება გახლავთ იმ კუთხით, რომ არეულია პრიორიტეტებიც, ღირებულებებიც, ფასეულობებიც და ღირსებაზე წარმოდგენებიც“. – განაცხადა პოლიტოლოგმა.

ამერიკის ელჩმა კელი დეგნანმა გამოთქვა მზაობა მოლაპარაკებების  მეხუთე რაუნდში მონაწილბის შესახებ. კითვაზე, რამდენად ნიშნავს, ეს რომ  „მოქალაქეებთან“ გაფორმებულ მემორანდუმის მიღმა, რომელზეც  გუშინ „ფორტუნას“ ეთერში „სტარტეგია აღმაშენებლის“ ლიდერი ამბობდა, რომ ის ვერსია გაერთიანებული ოპოზიციის მოთხოვნებისგან გარკვეულწილად განსხვავებულია -ვიხილოთ ახალი წინადადებებიც ხელისუფლებისგან? პოლიტოლოგი პასუობს:

„ამ ეტაპზე არ ვიცი მზადდება თუ არა რაიმე ტიპის წინადადებები ხელისუფლებისგან. ვიცოდი დეკემბრის დასაწყისში რა ტიპის მოლაპარაკებები მიდიოდა ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის. როდესაც იგივე ელჩები იყვნენ შუამავლები. დაბეჯითებით შემიძლია გითხრათ, რომ წლევანდელი ვარიანტი არის დასაჭურისებული ვარიანტი, რაც მაშინ იდო მოლაპარაკების მაგიდაზე. მას მე ვუწოდებდი ისტორიულ შანს საარჩევნო ცვლილებების მიმართულებით. დღეს ეს გაცილებით შემცირებულია“. – განაცხადა ლაგაზიძემ

ორივე მხარე ამბობს, რომ ეს ე.წ. ღია კარი, ეს არის სივრცე ერთის მხრივ მოლაპარაკლებებისთვის – ხელისუფლებისთვის, ოპოზიცია კი სავაჭრო სივრცეს ეძახის მას. ამ მოცემულობით, მოვლენათა როგორ განვითარებას შეიძლება ველოდოთ?

პოლიტოლოგი განმარტავს, მაშინ როდესაც ხელისუფლება აქტიურად საუბრობს საგამოძიებო კომისიის შექმნის შესახებ, რამდენად შეიძლება დაიდოს რეალური შედეგები.

„საგამოძიებო კომისია პარლამენტში შესული „ქართული ოცნების“ ანათალების მონაწილეობით იქნება თავსლაფის დასხმა და განადგურება. ძნელად წარმომიდგენია კიდევ უფრო მეტად როგორ უნდა განადგურდნენ, ვინც შევიდნენ პარლამეტში ე.წ. ოპოზიციის რიგებიდან, მაგრამ მათი საბოლოო ჩარეცხვა იქნება ამ საგამოძიებო კომისიის შექმნა და  მათი იქ მონაწილეობა. ამდენი თვის შემდეგ საარჩევნო კომისიებში არსებობს მასალები, რომელიც ვერაფრის დამტკიცების საშუალებას ვერ მისცემს ვერავის, მაგრამ მე გეტყვით, გამოსავალი სად არის. გამოსავალი ვერ გეტყვით, რომ არის მარტივი, მაგრამ ლოგიკურად ასე გამოიყურება.

საქართველოს ოპოზიციამ ყველაფერი, შეუძლებელი და შესაძლებელი უნდა გააკეთოს, უნდა  გაჭრას გზა ამერიკის ახალ ადმინისტრაიასთან და ანახოს მას საქართველოში არსებული რეალური ვითარება.  მე არ ვგულისხმობ მხოლოდ შიდა პოლიტიკურ გამოწვევებს. განსაკუთრებით ყურადსაღებია ექვსეულის ფორმატი, რომელშიც მოიაზრება საქართველო, ირანი, რუსეთი აზერბაიჯანი და სომხეთი. ეს არის საქართველოს საუკუნეებით უკან გადაწევა. ერთი ჩემი მეგობარი ამბობდა, რომ  მონღოლეთი აკლია ამ თანავარსკვლავედსო. ეს ნიშნავს, რომ საქართველოს დასავლეთი ძალიან დიდი ხნით კარგავს. აქ მარტო საქართველოს დამოუკიდებლობაზე არ არის საუბარი. ამ მესიჯით ქართული ოპოზიცია კი არ უნდა ჩავიდეს, უნდა ჩასახლდეს ამერიკის ახალ ადმინისტრაციაში, ოღონდ ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ასეთი დაქსაქსული და სუსტი ოპოზიცია ამერიკას კი არა პარტნიორად ვერავის გამოადგება“ .- აღნიშნა ლაგაძიძემ და დასძინა, რომ ამ ეტაპზე  პოლიტიკური უპირატესობა არის ხელისუფლების მხარეს. 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები