მოლდოვას სეპარატისტული რეგიონის, დნესტრისპირეთის რუსეთის მიერ მხარდაჭერილი ე.წ. ხელისუფლება ირწმუნება, რომ უკრაინის ტერიტორიიდან, სოფელ კოლბასნას მიმართულებით, ცეცხლი გახსნეს.
მათივე განცხადებით, ადგილზე საბრძოლო მასალის დიდი საცავია განთავსებული.
დნესტრისპირეთის ე.წ. შინაგან საქმეთა სამინისტრო აღნიშნავს, მათ ტერიტორიაზე დრონები უკრაინიდან გაუშვეს.
ცნობისთვის, ბოლო დღეების განმავლობაში დნესტრისპირეთში რამდენიმე თავდასხმა მოხდა.
როგორც ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, ტერიტორიაზე ვითარების დესტაბილიზაციას რუსეთი ცდილობს.
მისივე თქმით, დნესტრისპირეთში სიტუაციის დესტაბილიზაციით რუსეთი მოლდოვას აჩვენებს, რომ თუ მხარს უკრაინას დაუჭერს, ამას სხვა ნაბიჯებიც მოჰყვება.