LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსეთმა უკრაინა-მოლდოვის საზღვართან პროვოკაციები დაიწყო, არის თუ არა საქართველო საფრთხის ქვეშ: „ყურადღების მიღმა ვერც ერთი ის ადგილი დარჩება, სადაც რუსეთმა შესაძლოა პროვოკაცია წამოიწყოს“

522
ზურა ბატიაშვილი

რუსეთის უკრაინაში შეჭრიდან 2 თვის თავზე, ოკუპანტები საბრძოლო მოქმედებებსა თუ „დასახულ ამოცანებში“, სულ უფრო მეტ კრახს განიცდიან, თუმცა აგრესორი პუტინი უკრაინის ქალაქებში ცეცხლის შეწყვეტას მაინც არ აპირებს – აღდგომის დღესასწაულზეც კი რუსეთის სასტიკ აგრესიას, ათობით მშვიდობიანი მოქალაქისა და ბავშვის სიცოცხლე შეეწირა.

ოკუპანტების მძიმე დანაკარგებისა და „უშედეგო ბრძოლების“ პარალელურად, აგრესორი ტაქტიკას ცვლის და ახლა პროვოკაციებს უკრაინა-მოლდოვას საზღვარზე აწყობს. გუშინ ცნობილი გახდა, რომ გვიან ღამით, არაღიარებულ დნესტრისპირეთში, რუსებმა ორი საკომუნიკაციო ანძა ააფეთქეს. უკრაინული მედიის ცნობით, აფეთქება მოხდა პრიდნესტროვის რადიოსა და ტელევიზიის ცენტრ „მაიაკის“ მიდამოებშიც.

დღეს კი, უკრაინულმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსული მედია არაღიარებული დნესტრისპირეთის აეროდრომზე, ღამის თავდასხმის შესახებ კვლავ იუწყება. ამასთან, გავრცელდა ცნობები იმის შესახებაც, რომ დნესტრისპირეთის გასასვლელთან, ავტოკოლონების დიდი რიგებია.

თავად დნესტრისპირეთში სეპარატისტულმა მთავრობამ კი, ტერორისტული საფრთხის უმაღლესი დონე გამოაცხადა. საერთშორისო მედიის ცნობით, სეპარატისტული მთავრობის განკარგულებით, მოლდოვის რეგიონის რამდენიმე ქალაქის შესასვლელში ბლოკ-საგუშაგოები გახსნეს.

საუბარია იმ ქალაქებზე, სადაც ბოლო ორი დღის განმავლობაში რამდენიმე აფეთქება მოხდა და ისმოდა სროლის ხმა. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ  მოლდოვის დნესტრისპირეთის რეგიონი უკრაინას ესაზღვრება. ამ რეგიონში კი, ინციდენტები მას შემდეგ მოხდა, რაც რუსეთში ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ უკრაინის სამხრეთ ნაწილის დაკავების შემთხვევაში,  დნესტრისპირეთთან დამაკავშირებელი დერეფანი შეიქმნება.

რა ტიპის საფრთხეებს წარმოშობს უკრაინა-მოლდოვის საზღვართან, სეპარატისტულ რეგიონში ოკუპანტების საბრძოლო მოქმედებები; არის თუ არა საქართველო რუსეთის შესაძლო მომდევნო სამიზნე და რას ისახავს მიზნად რუსების ომის მეორე ფაზა, როგორც ამას თავად ოკუპანტები ამბობენ – ამ თემებზე „ფორტუნა“ „რონდელის“ ფონდის მკვლევარს, აღმოსავლეთმცოდნე, ზურაბ ბატიაშვილს ესაუბრა.

 

რუსების პროვოკაციები მოლდოვის სეპარატისტულ რეგიონში

 

– ბატონო ზურაბ, ვიდრე რუსეთის საბრძოლო სტრატეგიასა და ბრძოლის ამოცანებზე ვისაუბრებთ, პირველ რიგში, მინდა უკანასკნელ დღეებში განვითარებულ მოვლენებზე გკითხოთ:

გავრცელებული ცნობებით, რუსეთი მოლდოვის შემადგენლობაში შემავალ სეპარატისტულ რეგიონში – არაღიარებული დნესტრისპირეთში, გარკვეულ პროვოკაციებს აწყობს. მოვისმინეთ ინფორმაცია, ოკუპანტების თავდასხმებისა და შემდგომ უკვე თავად დნესტრისპირეთის ე.წ მთავრობის მხრიდან, რომელთაც რეგიონში ტერორისტული საფრთხის უმაღლესი დონე გამოაცხადეს.

როგორ ფიქრობთ, რას ემსახურება რუსების ეს ტაქტიკა და ზოგადად, რა ტიპის რესურსებს ფლობენ ოკუპანტები ამ მიმართულებით? მოლდოვასთან ერთად, გარკვეული შიშები ქართულ საზოგადოებაშიც გაჩნდა, რომ შესაძლოა შემდეგი სამიზნე საქართველო იყოს. რას გვეტყვით, რამდენად რეალურია ამ საფრთხეებზე საუბარი?

ზურაბ ბატიაშვილი: უფრო მეტად მოსალოდნელი მოლდოვის ვარიანტია, რადგან უკრაინასთან სახმელეთო საზღვარი აქვს და შესაბამისად, რუსეთი ცდილობს, უკრაინული ძალების ყურადღება სხვაგან გადაიტანოს, რათა შეძლოს განავითაროს ის შეტევა, რომელიც ბოლო დღეების განმავლობაში, მეორე ეტაპის ფარგლებში დაიწყო.

ამიტომ მოლდოვასთან მიმართებით ეს უფრო რეალურია, საქართველოსთან მიმართებით კი რეალური არ არის, იმიტომ რომ, საქართველოში რაც ჰყავდა ძალები, ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიებიდან უკრაინის მიმართულებით ისიც გადაიყვანა. ამდენად, პირიქით, აქედან ძალები გაჰყავს, რადგან აქედან საფრთხეს არ ელოდება. ამიტომ, კონცენტრირებულია და მისთვის მთავარი პრიორიტეტული საკითხი არის უკრაინა.

უკრაინაში თუ გამოუვიდოდა, რაც ჩაფიქრებული აქვს და რა მიზანიც ჰქონდა, შემდეგი სამიზნეები, ლოგიკურია საქართველო და მოლდოვა იქნებოდა, მაგრამ ის რაც რუსეთს უკრაინაში ჩაფიქრებული აქვს, არ გამოსდის, ამიტომ მთელი მსოფლიო უკრაინას გვერდით უდგას, ისევე როგორც უკრაინელი ხალხი, უკრაინის შეიარაღებული ძალები გმირულად იბრძვიან, ამის ერთობლიობამ კი საბოლოო ჯამში, მოგვცა ის, რა სიტუაციაშიც დღეს უკრაინაა, სადაც რუსეთი თავისთვის სასარგებლოდ გარდატეხის შეტანას ვერ ახერხებს.

 

როგორც საერთაშორისო მედია წერს, იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი მთელ სამხრეთ უკრაინასა და დონბასზე სრულ კონტროლს მოიპოვებს, მოსკოვი სახმელეთო დერეფანს მოლდოვის სეპარატისტულ დნესტრისპირეთიდან დაამყარებს

 

რაც შეეხება დნესტრისპირეთის ტერიტორიაზე მიმდინარე მოვლენებს: ეს შეიძლება უკრაინის მიმართულებით, დნესტრისპირეთის ტერიტორიიდან გარკვეული სამხედრო მოქმედებების დაწყება იყოს, თუმცა ეს არ იქნება დიდი შეტევა, რადგან იქ რუსეთს დიდი ძალები არც გააჩნია, ამიტომ შესაძლოა ეს პატარა, ლოკალური შეტევა იყოს, თუმცა ჯერ ისევ ძნელია რაიმე კონკრეტულად ვთქვა. დაველოდოთ, დიდი ალბათობით, დღეს და ხვალ მოლდოვასთან მიმართებით ყველაფერი გაირკვევა.

 

„საქართველო და მოლდოვის ხელმძღვანელობა არ არიან ომის ადამიანები“ – „მეორე ფრონტი“ საქართველოში?

 

– საქართველოსა და მოლდოვაზე სუბრისას, აუცილებლად მინდა გკითხოთ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩევლის, ალექსეი არესტოვიჩის განცხადებაზეც, რომელმაც თქვა, რომ მოლდოვისა და საქართველოს ხელმძღვანელობა არ არიან ომის ადამიანები. 

აღნიშნული განცხადებით მან ამ კონტექსტშივე დასმულ შეკითხვას უპასუხა, თუმცა დღეს ეს გაცხადება პოლიტიკურ წრეებშიც განხილვის საფუძველი გახდა, ზოგიერთ შემთხვევაში უარყოფითი გამოხმაურებით, რომ თითქოს უკრაინა საქართველოში კვლავ მეორე ფრონტის გახსნაზე საუბრობს… თქვენ როგორ შეაფასებდით ამ განცხადებას?

– არესტოვიჩმა თქვა ის, რომ ახლა, ამ ეტაპზე, მოლდოვასა და საქართველოს მეორე ფრონტის გახსნა არ შეუძლია და ეს სწორად თქვა. ასეთი სამზადისი და განწყობა, რომ მეორე ფრონტი გაიხსნას, არც საქართველოშია და არც მოლდოვაში. მეორე საფრთხეა, რომ რუსეთი ცდილობს და ვახსენეთ კიდევაც, რომ სიტუაცია ისე არიოს, რომ ყურადღება გადაიტანოს.

რა თქმა უნდა, უკრაინის ყურადღების გარეთ ვერ დარჩება ვერც ერთი ის ადგილი, სადაც რუსეთმა შესაძლოა პროვოკაცია წამოიწყოს, იმისთვის რომ საფრთხე ისევ უკრაინას შეუქმნას. საქართველოდან უკრაინას საფრთხეს ვერც ერთი სამხედრო დანაყოფი ვერ შეუქმნის. ძალიან მარტივია და ეს რუკაზე დახედვითაც მარტივად გამოჩნდება.

სხვა შემთხვევაა მოლდოვა, როგორც პირდაპირ მოსაზღვრე ტერიტორია, რომელიც რუსეთს მაგალითად შეტევის განსახორციელებლად სჭირდება, იგივე ოდესის მიმართულებით ან ხერსონიდან უკრაინული ძალების ყურადღების გადატანისთვის, მეტი არაფრისთვის.

 

დღეს გავრცელდა ცნობები, რომ დნესტრისპირეთის გასასვლელთან ავტოკოლონების დიდი რიგებია

 

რუსეთს იქ სულ დაახლოებით, 1500-1700 კაციანი დანაყოფი ჰყავს, რომელიც ძირითადად, ადგილობრივებითაა დაკომპლექტებული და ეს რეალურად არ არის ის ძალა, რომელსაც შეუძლია უკრაინას საფრთხე შეუქმნას.

 

რამდენ ხანს შეიძლება გაგრძელდეს ოკუპანტების შეტევის ფაზა

 

– გასაგებია, რომ ესეც გარკვეული ტაქტიკაა, თუმცა საბოლოო ჯამში, ოკუპანტები მძიმე დანაკარგებთან ერთად, თქვენც აღნიშნეთ, რომ საბრძოლო მოქმედებებში კრახს განიცდიან.

ამ ფონზე, რა შეგიძლიათ გვითხრათ, რამდენ ხანს შეიძლება შეტევის აქტიური ფაზა გაგრძელდეს და თქვენი დაკვირვებით, რა არის ახლა რუსების მთავარი ამოცანა?

რაკიღა ითქვა, რომ პუტინის მიზანია 9 მაისის აღლუმამდე უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში გარკვეულ წარმატებას მიაღწიოს…

– ბრძოლის აქტიური ფაზა 1 კვირა, 10 დღეზე მეტს ვერ გაგრძელდება, რაც აღმოსავლეთ ნაწილში ხდება, რადგან რუსეთს არც ადამიანური და არც ტექნიკის თვალსაზრისით, რესურსი უბრალოდ აღარ ეყოფა, მაგრამ, რა თქმა უნდა, ეს არ ნიშნავს, რომ ბრძოლები შეჩერდება, მე ვსაუბრობ აქტიურ ფაზაზე, რომელსაც რუსები მეორე ეტაპის შეტევას ეძახიან და რომელიც რამდენიმე დღის წინ დაიწყო.

მცდელობები იქნება, რომ უკრაინა შეავიწროონ, განსაკუთრებით დონბასში. ამ მცდელობებს ვხედავთ და ვფიქრობ, რომ სადღაც 1 კვირა, 10 დღეზე მეტს, ეს სიტუაცია ვერ გაგრძელდება.

 

მოქალაქეები აღმოსავლეთ უკრაინის ნაწილიდან ევაკუაციას რამდენიმე დღის განმავლობაში ელოდნენ

 

მთავარი ამოცანა, ნათქვამი იყო და ამაზე თავად რუსების მხრიდან ითქვა, რომ არის დონბასის მიმართულება, სწორედ დონბასზე ცდილობენ რაღაც წარმატების დადებას, მაგრამ, რა თქმა უნდა, ამის მოსწრებას 9 მაისამდე, ფიზიკურად ვერ შეძლებენ – რაიმე წარმატების მიღწევა აღმოსავლეთ უკრაინაში შეუძლებელია. თუმცა, სიტუაციას არევენ და საბრძოლო მოქმედებებს არ შეაჩერებენ, ეს ყველამ ვიცით და ამ დღეებში, სწორედ ამას დავინახავთ.

 

აქვს თუ არა მოლაპარაკებებს რაიმე პერსპექტივა

 

– და ბოლოს, მინდა გკითხოთ მხრეებს შორის შესაძლო მოლაპარაკების გაგრძელებაზეც. უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის გაცხადებული პოზიციაა, რომ ქვეყანა არ აპირებს არც ერთი მიმართულების დათმობას, საბოლოო ჯამში, მოლაპარაკების ყველა ეტაპიც უშედეგოდ სრულდებოდა, როგორ ფიქრობთ, შეიძლება ამ პროცესს რაიმე ტიპის გაგრძელება ჰქონდეს?

– მოლაპარაკებები არის და იქნება, თუმცა რა იქნება მისი შედეგი, ესაა მთავარი. ჯერჯერობით, რასაც ვხედავთ, დიდი არაფერია. მოლაპარაკებები შეიძლება იყოს, იგივე დავუშვათ დერეფნების გახსნის თემაზე და ა.შ.

თუმცა, ვნახოთ რა იქნება, მე პირადად, არ მჯერა ამ მოლაპარაკების ხელშესახები შედეგებისა, რადგან ახლა ნებისმიერი შეთანხმება იქნებოდა, სიტუაციის შემდეგი ეტაპისთვის გადატანა, საბრძოლო მოქმედებების შეჩერება და შემდეგში უფრო დიდი მასშტაბის ომს მივიღებდით.

 

 

მთავარ სლაიდერში გამოყენებულია რადიო „თავისუფლების“ ფოტო

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g