იაკობ ტრიპოლსკის სახელობის დუშეთის სახალხო თეატრის 143 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა, რასთან დაკავშირებითაც კულტურის სახლის შენობაში თეატრის ვარსკვლავი გაიხსნა. საზეიმო ღონისძიებას კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ირაკლი გივიაშვილი დაესწრო.
ღონისძიების ფარგლებში თეატრმა სხვადასხვა აქტივობებს უმასპინძლა. მოეწყო თეატრის ისტორიის ამსახველი ფოტოგამოფენა, ხოლო თეატრის დასმა, თამარ პოპიაშვილის რეჟისორობით, გოდერძი ჩოხელის მოთხრობების მიხედვით დადგმული სპექტაკლი წარმოადგინა. საზეიმო საღამოს მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებული, დუშეთის მუნიციპალიტეტის მერი და თეატრალური საზოგადოებისა წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ღონისძიებას ნიკა წულუკიძე უძღვებოდა.
აღსანიშნავია, რომ დუშეთის თეატრი ერთ-ერთი უძველესია საქართველოში მოქმედ სახალხო თეატრთა შორის. საქართველოში მე-19 საუკუნის მეორე ნახევარში დაიწყო სცენისმოყვარეთა კოლექტივების ჩამოყალიბება, ხოლო ქ. დუშეთში, სწორედ ამ პერიოდში – 1880 წლის 20 იანვარს, დაფუძნდა პირველი სახალხო თეატრი, პირველ სპექტაკლად კი გიორგი ერისთავის ,,გაყრა” აირჩიეს, რომელშიც მთავარი როლი ნატო გაბუნიამ შეასრულა.
დუშეთის თეატრის სპექტაკლებში სხვადასხვა დროს მონაწილეობდნენ ქართველი სცენის დიდოსტატები: ვასო აბაშიძე, დუშეთში დაბადებული მაკო საფაროვა-აბაშიძისა, ნატო გაბუნია, ელისაბედ ჩერქეზიშვილი, ვალერიან გაბუნია, დიმიტრი ჩარკვიანი, ალექსანდრე კავსაძე, აკაკი ვასაძე, აკაკი ხორავა, ვასო გოძიაშვილი, იაკობ ტრიპოლსკი, ელენე ყიფშიძე და სხვები.
1959 წელს დუშეთის დრამატულ დასს ოფიციალურად მიენიჭა სახალხო თეატრის წოდება, ხოლო 2018 წლის 20 აპრილს საქართველოს სახალხო არტისტის – იაკობ ტრიპოლსკის, სახელი.