LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ძალიან ენერგიული, მხიარული, საცეკვაო სიმღერაა… არის სიყვარულზე“ – დათო არჩვაძე სიმღერის პრემიერით  „არ დაიდაროში“

152
დათო-არჩვაძე

რადიო „არ დაიდარდოს“ და თაკო მელიქიშვილის გადაცემას „თაკოსთან“ მომღერალი დათო არჩვაძე შვილთან, მანიკა არჩვაძესთან ერთად სტუმრობდა. მამა-შვილმა რადიოს მსმენელს ორი ლაივ შესრულება შესთავაზა და სიმღერები „სიყვარულია“ და „მოდი გაზაფხულო“ შეასრულა. დათო არჩვაძემ დაგეგმილ კონცერტზე, მუსიკალურ სიახლეებზე ისაუბრა და მსმენელს ახალი სიმღერა „შენ თუ მყავხარ“ წარუდგინა.

დათო, მანიკა თუ მღერის?

კი, დაბადების წუთიდან… მოგეხსენებათ, ხელოვანი ადამიანები, თაობების გამზრდელები, ვერასდროს იცლიან საკუთარი შვილებისთვის, მაგრამ მადლობა ღმერთს, ნიჭის ხარჯზე, მართლა ურეპეტიციოდ სამივე შვილი ჩემზე უკეთ მღერის. სულ რაღაც 1-2 თვეა, რაც ჩემი საკუთარი შვილები ჩემს სტუდიას შემოუერთდნენ.

ვისაუბროთ შენს სტუდიაზე.

ძალიან დიდი მუშაობა და დიდი პროცესები მიდის ჩემთან სტუდიაში. ძალიან ბევრი ბავშვი მყავს გაზრდილი და ახლაც ვზრდი. სტუდია 6-დან 18 წლამდე ასაკისთვის არის განკუთვნილი. შემდეგ წლოვანებას და ასაკს რაც შეეხება, მათთვისაც გავაკეთე საესტრადო კაპელა, ოღონდ ძალიან მკაცრი კასტინგით ვიღებ წევრებს. სასწაული თაობა მოდის, ერთმანეთზე უკეთესი.

რა მიმართულებით სწავლობენ ბავშვები სტუდიაში, როგორია სასწავლო პროგრამა და ზოგადად, ახალგაზრდა თაობაში რამდენად პოპულარულია ქართული სიმღერა?

დღევანდელი თაობა, კი, უსმენს უცხოურ სიმღერებს, მაგრამ თავიანთი ძირი და ფესვი, რაც არის ქართული გალობა, ფოლკლორი, ქართული საესტრადო მუსიკა, პირადად მე ამით ვზრდი და არ იცით, როგორი მოთხოვნაა, ეს ძალიან მიხარებს.

სასწავლო პროგრამაში არის ლაღიძე, ცაბაძე. მაღალ პლანზე წამოვწიე საბავშვო მუსიკა. რეპერტუარი ძალიან ფრთხილად, კონკრეტული ასაკისთვის არის შერჩეული.

თბილისის გარდა, გორსა და ხაშურშიც მაქვს სტუდია.

გაქვს სურვილი რომ მანიკამ საბოლოოდ ამ სფეროში განაგრძოს კარიერა?

ძალიან დიდი სურვილი მაქვს, თუმცა მთავარია, თავად ჰქონდეს სურვილი.  ძალიან სპეციფიკური საოპერო ხმით მღერის და მინდა, რომ სერიოზულად მოემზადოს საოპეროდ.

ახლო მომავალში რაიმე ღონისძიება, კონცერტი თუ გაქვს დაგეგმილი?

28 თებერვალს მაქვს დაგეგმილი კონცერტი „ვახტანგ სარალიძის ცენტრში“. ერთ-ერთი ყველაზე მაგარი საკონცერტო დარბაზია და აქ კონცერტის ჩატარება ნამდვილად ფუფუნებაა. შედგება ჩემი საავტორო საღამო. მონაწილეობა შევთავაზე „თეატრალურის კვარტეტს“, „ქართულ ხმებს“. თავის სოლო ბალადებით მეყოლებიან ლაშა ღლონტი, გია დავითიანი, დათო კიკაბიძე. გვექნება კლიპის პრეზენტაცია „კახეთზე“. ჩვენი ალეკო თეთრაშვილი ჩვენი კაპელის წევრი იყო. ეს კლიპის პრეზენტაცია მისთვის ერთგვარი მიძღვნა იქნება. რამდენიმე სიმღერას კაპელაც შეასრულებს. კაპელის ეს ნაწილი ალეკოს მარადიულ ხსოვნას მიეძღვნება.

ვისაუბროთ სიმღერაზე „შენ თუ მყავხარ“, რომლის პრემიერაც დღეს შედგება.

ტექსტი ნანა ცინცაძეს ეკუთვნის, მუსიკა, რა თქმა უნდა, ჩემია. ამ სასწაული არანჟირების ავტორი ზაზა ხუბუკელაშვილი გახლავთ. არის სიყვარულზე… ძალიან ენერგიული, მხიარული, საცეკვაო სიმღერაა.

დათო არჩვაძე – ბროწეულები

დათო არჩვაძე – შენ თუ მყავხარ

გადაცემის აუდიოჩანაწერი

დათო არჩვაძე & მანიკა არჩვაძე – მოდი გაზაფხულო. Live

დათო არჩვაძე & მანიკა არჩვაძე – ჩვენი ბედისწერა სიყვარულია. Live

დათო არჩვაძე & მანიკა არჩვაძე. პრემიერა გადაცემაში “რადიო დუეტი”

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები