გერმანიაში გენერალ გიორგი კალანდაძის დაკავებასა და მისი საქართველოში ექსტრადიციის შუამდგომლობის საკითხს დაკავებულის და, მსახიობი გოგოლა კალანდაძე ეხმიანება.
როგორც კალანდაძე ტელეკომპანია “პირველთან” აცხადებს, ხელისუფლება საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ყოფილ უფროსს მოგონილ ბრალდებებს უყენებს.
გოგოლა კალანდაძე იმედს გამოთქვამს, რომ დაკავებულს საქართველოში არ გადმოიყვანენ და უკრაინაში დააბრუნებენ:
“ძალიან სამწუხაროა, რომ ხელისუფლება აგვისტოს ომის მონაწილეს მოგონილ ბრალდებებს უყენებს და ჩემთვის სამწუხაროც არის, სამარცხვინოც არის, რომ ამ ქვეყანაში, სამწუხაროდ, პატრიოტიზმი დასჯადი გახდა.
მე არ მგონია, ყოველ შემთხვევაში, თავს ვიმშვიდებ, რომ არ მგონია, აქ გადმოიყვანონ და მე ვფიქრობ, რომ, ალბათ უკრაინაში დააბრუნებენ”, – განაცხადა გოგოლა კალანდაძემ.
შეგახსენებთ, გენერალი, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ყოფილი უფროსი გიორგი კალანდაძე 19 დეკემბერს გერმანიაში დააკავეს.
დღეს კი პროკურატურამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ უწყება გერმანულ მხარეს გიორგი კალანდაძის საქართველოში ექსტრადიციის შუამდგომლობით კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.