ჟურნალი „ინტერიერი“ თავის რიგით მესამე ნომერში აქვეყნებს ფოტოებს, სადაც ასახულია ერთ-ერთი ძველი თბილისური სახლის ინტერიერი. მისი მფლობელი ეკონომისტი გიორგი ბადრიძეა, რომელიც ჰყვება, რომ სახლის დიზაინზე თავის დროზე პეტერბურგიდან მოწვეულმა სპეციალისტებმა იმუშავეს.
გიორგი ბადრიძე აღნიშნავს:
„ჩემი ბებია-ბაბუა დედის მხრიდან ამ სახლში 1959 წელს გადმოვიდა. რემონტის კეთების პროცესში ბაბუამ მოახატვინა მთელი სახლი რუსთაველის თეატრის მხატვარ-რესტავრატორებს, რომლებიც პეტერბურგიდან იყვნენ ჩამოსულები. ვიცი, მათ მიერ მოხატული კიდევ რამდენიმე სახლია თბილისში.
რესტავრაცია მხოლოდ ერთხელ გაკეთდა, დედაჩემის ბავშვობაში. დედას ახსოვს, რუსულ „ბუხანკა“ პურებს შუაზე რომ ჭრიდნენ და საშლელივით წმენდნენ კედლებს.
მიუხედავად იმისა, რომ ბაბუა მსუბუქი მრეწველობის სფეროში მოღვაწეობდა, შესანიშნავი გემოვნება ჰქონდა და კარგად ერკვეოდა ხელოვნებაში. კოლექციონერი იყო და ძალიან უყვარდა მხატვრობა.
ახლა ბინა სარემონტოა, მაგრამ ცვლილებებისთვის გვენანება. დედაჩემის ბავშვობის სახლია, მეც მთელი ბავშვობა ამ კედლებს ვუყურებდი. ჩემი ტყუპებიც, რომლებიც ახლა გაჩნდნენ, მესამე თაობაა, რომელიც აქ გაიზრდება.
თუ გარემონტება მოგვიწევს, მინდა რომ ეს კედლები ჩამოვხსნა და შევინახო. მიხარია, ამ ჟურნალის ფურცლებზეც რომ დარჩება და როცა ჩემი შვილები გაიზრდებიან, ნახავენ და ეცოდინებათ“.