თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ე.წ. ყვითელი სამარშრუტო ტაქსები 14 ქუჩაზე მხოლოდ მოსაცდელებთან გააჩერებენ. ამის შესახებ კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
აღნიშნულთან დაკავშირებით გეგმა შსს-სთან უკვე შეთანხმებულია.
“გამოყოფილია 14 ქუჩა, სადაც მიკროავტობუსებს, ყვითელ სამარშრუტო ტაქსებს ექნებათ შესაძლებლობა, მხოლოდ და მხოლოდ მოსაცდელებზე გააჩერონ. ამით თავიდან ავიცილებთ ძალიან დიდ პრობლემას იმასთან დაკავშირებით, რომ ნებისმიერ ადგილზე აჩერებენ მიკროავტობუსები და მგზავრები, რომლებიც ჩამოდიან, გადარბიან ქუჩებზე, რაც სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს. საფრთხეს უქმნიან საკუთარ თავს და მძღოლებსაც. შესაბამისად, ეს ყველაფერი უნდა მოწესრიგდეს. ასევე ქმნიან საცობებს, როცა ხდება ყველა ადგილზე გაჩერება. ეს მიდგომა უნდა შეიცვალოს. განვახორციელებთ საპილოტე პროექტს, იქნება 14 ქუჩა, სადაც მხოლოდ გაჩერებებზე გაჩერდებიან. ეს გააცანით მოსახლეობას,” – განაცხდა კალაძემ.