ქართული ავიაკომპანიები წარმატებით აგრძელებენ ევროპის საავიაციო უსაფრთხოების სააგენტოს (EASA) ავტორიზაციის პროცესის გავლას. EASA-მ მიმდინარე წელს უკვე მეორე ქართულ ავიაკომპანიაზე გასცა საჰაერო უსაფრთხოების ერთიანი ნებართვა. ავტორიზაციის (EU safety authorisation for foreign air operators – PART-TCO) საფუძველზე, Myway Airlines-ს ენიჭება უფლება, ერთი ცენტრალიზებული ნებართვით ოპერირება განახორციელოს EASA-ს წევრ ევროკავშირის 28 და თავისუფალი ვაჭრობის ევროპული ასოციაციის 4 ქვეყანაში.
ნებართვა ადასტურებს საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის სრულ შესაბამისობას საავიაციო უსაფრთხოების ICAO-ს და ევროკავშირის სტანდარტებთან, ამასთანავე მოწმობს ქვეყნის მიერ ფრენების უსაფრთხოების ნორმების დაცვის და ზედამხედველობის მაღალ ხარისხზე (სხვა ელემენტებთან ერთად ავტორიზაციის პროცესში ყურადღება ექცევა ICAO-ს აუდიტის დროს გამოვლენილ შედეგებს).
ნებართვა ძალაშია მანამ სანამ ოპერატორი აკმაყოფილებს PART-TCO რეგულაციის სტანდარტებს ან საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის მოწმობის გამცემი სახელმწიფო (საქართველო) არ შეაჩერებს ან გააუქმებს შესაბამისი სერტიფიკატის მოქმედებას.
Myway Airlines-ზე საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის სერტიფიკატი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ მიმდინარე წლის 23 იანვარს, ხოლო გადაყვანა-გადაზიდვის მოწმობა 23 თებერვალს გასცა. ამ ეტაპზე Myway Airlines-ის საკუთრებაში 2007 წელს გამოშვებული ორი ერთეული Boeing B 737-8AL იმყოფება. ავიაკომპანიის ბაზირების ადგილია საქართველო და იგი ქართული საფრენოსნო და ტექნიკური პერსონალით არის დაკომპლექტებული. EASA-ს საჰაერო უსაფრთხოების ერთიანი ნებართვის ქონა გააადვილებს Myway Airlines-ის ოპერირებას ევროპულ საავიაციო ბაზარზე და ხელს შეუწყობს ავიაკომპანიის განვითარებას.
ცნობისთვის, Myway Airlines რიგით მეოთხე ქართული ავიაკომპანიაა, რომელიც ევროპის საავიაციო უსაფრთხოების სააგენტოს საჰაერო უსაფრთხოების ერთიანი ნებართვის მფლობელი გახდა. მიმდინარე წელს, ცენტრალიზებული ნებართვა GEO SKY -ზე გაიცა, 2016 წელს კი EASA-ს ავტორიზაცია ავიაკომპანიებმა Georgian Airways-მა და TCA-მ მოიპოვეს. 2016 წლიდან, EASA-ს ავტორიზებული ნებართვის ქონა სავალდებულოა ნებისმიერი არაევროკავშირის ქვეყნის ოპერატორისთვის, რომელსაც სურვილი აქვს იფრინოს აღნიშნული გაერთიანების ტერიტორიაზე.