მსოფლიო სტატუსით უკრაინა უკვე გამარჯვებულია, რუსეთი კი დამარცხებული. – ამის შესახებ “ჯეოქეისის” მრჩეველმა, საქართველოს გენერალური შტაბის ყოფილმა უფროსმა, ვახტანგ კაპანაძემ რადიო ფორტუნას გადაცემა “დღის თემის” ეთერში განაცხადა
ვახტანგ კაპანაძის განცხადებით, ახლა საუბარი საჭიროა იმაზე, თუ რა ფორმითაა შესაძლებელი უკრაინის გამარჯვება სამხედრო თვალსაზრისით განხორციელდეს.
“ეჭვი მეპარება, რომ უკრაინა სრულ გამარჯვება მოიპოვებს, ვინაიდან რუსეთი შეეცდება ის ტერიტორიები მაინც, რომელიც დაკავებული აქვს, დაიცვას და სამხრეთ-აღმოსავლეთ უკრაინა თავისი კონტროლის ქვეშ დაიტოვოს” – აღნიშნავს კაპანაძე.
მისი თქმით, უკრაინა სხვა სტატუსით გამოვა ამ ომიდან და მსოფლიო მხარდაჭერა მის მიმართ გაცილებით აღმატებული იქნება.
“ფაქტია ის, რომ რუსეთის მცდელობა ჰორიზონტალური ესკალაციის შესახებ წარუმატებლად დამთავრდა, მან ძალები დაქსაქსა და ზარალი მიიღო.” – აცხადებს გენერალ-მაიორი
“ომის დროში გაწელვა რუსეთისთვის გამოიწვევს შედეგის მოლოდინის დაგენერირებას. რაც მეტი ექნება დანაკარგი, ადამიანური თუ ტექნიკური, მით უფრო ადრე დაიწყებს შეჩერებას და მოპოვებულის შენარჩუნებაზე ფიქრს. ამ მხრივ მხარდაჭერა მნიშვნელოვანწილად შეძლებს გადაწონოს ამ შეტაკების ბედი უკრაინის მხარეს თუ მსოფლიო მხარდაჭერა ექნება.” – განაცხადა ვახტანგ კაპანაძემ.
მარიუპოლი დღეს არის პოლიტიკური ვაჭრობის ძირითადი ფაქტორი: ვახტანგ კაპანაძე