ადვოკატ ეკა ბესელიას განცხადებით, დიდი ოდენობით თანხის მართლსაწინააღმდეგოდ მითვისების ბრალდებით დაკავებული ბიზნესმენის, გიორგი ჩიკვაიძის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.
ადვოკატის თქმით, ბრალდებულს ციხის ხელმძღვანელი დაჰპირდა, რომ მას დღეს, გლდანის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში გადაიყვანს. თუმცა, ეკა ბესელია ამბობს, რომ ეს საკმარისი არ არის და ჩიკვაიძე სპეციალიზებულ კლინიკაში უნდა მოთავსდეს.
სახალხო დამცველის აპარატი: გიორგი ჩიკვაიძის ჯანმრთელობის მდგომარეობა საყურადღებოა
„საკმაოდ დიდ ხანს გავჩერდი და ვესაუბრე, რადგან ძალიან მძიმეა მისი მდგომარეობა, ეტლით გადაადგილდება, არ შეუძლია ფიზიკურად მოძრაობა, რაც სამედიცინო თვალსაზრისით ყველაზე საგანგაშო ნიშანია, განსაკუთრებული ყურადღება სჭირდება სამედიცინო მეთვალყურეობის პირობებში.
მისი სამედიცინო მდგომარეობის დეტალებში აღწერა გამიჭირდება, მაგრამ შემიძლია გითხრათ, რომ ადამიანი ვერ დადის, საუბარიც უჭირდა, ნელ-ნელა მოიკრიბა ძალა, ძალიან პრინციპულად დგას იმ პოზიციაზე, რომ შიმშილობა გააგრძელოს იქამდე, ვიდრე ფიზიკურად შეძლებს.
ირაკლი პაპიაშვილი: „გიორგი ჩიკვაიძეს ჰქონდა კრუნჩხვა, ვეღარ გადაადგილდება, დღეს ადვოკატთან გამოიყვანეს ეტლით – მოვითხოვთ, მის დაუყოვნებლივ საავადმყოფოში გადაყვანას“
„5 დღის წინ ჰქონდა ხანგრძლივი კრუნჩხვა, რა დროსაც ვარაუდობენ პენიტენციურის ექიმები, რომ ტვინში მოხდა დაზიანება და ამის შემდგომ ვეღარ გადაადგილდება.“
ითხოვს, თუნდაც ერთი მტკიცებულება წარმოუდგინონ რატომ შეეცვალა აღკვეთის ღონისძიება ყველაზე მკაცრი ღონისძიებით პატიმრობით, მისი დაკავება ისე მოხდა, რომ არანაირი სამხილი და მტკიცებულება არ არსებობს. ის ამბობს, რომ ქვეყნის დატოვებას არ აპირებდა, აპირებს, რომ საკუთარი უდანაშაულობის დამტკიცება გააგრძელოს.
დაწესებულების ხელმძღვანელიც შემოვიდა, ესაუბრა მას და უთხრა, რომ გადაიყვანენ დღეს, აქვე, ციხის ტერიტორიაზე არსებულ მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში. [ჩიკვაიძეს]გარკვეული პირობების დაცვა უნდა, რომ კომუნიკაცია არ შეეზღუდოს და საშუალება ჰქონდეს თუნდაც, დღეში ერთი ზარი განახორციელოს. ამ პირობების დაცვით ის თანახმა იქნება სამედიცინო დაწესებულებაში გადავიდეს, თუმცა, შიმშილობის შეწყვეტას არ აპირებს.
ის ალბათ საჭიროებს, რაც ვიზუალურად ვნახე, სპეციალიზებულ სამედიცინო დაწესებულებაში იყოს, მასზე იზრუნონ ექიმებმა, შეაფასონ ის რისკები, რა რისკების ქვეშაც არის, რადგან ჯანმრთელობის თავისი პრობლემები აქვს, რომლის გაუარესებაც შიმშილობის ფონზე მოხდა, ფაქტობრივად თავგანწირვის რეჟიმშია, მას გადაწყვეტილი აქვს ბოლომდე გადადოს თავი და მათ შორის, საკუთარი სიცოცხლის ფასად“. – განაცხადა ეკა ბესელიამ.
ინფორმაციისთვის, ჩიკვაიძე, რომელიც მე-9 დღეა შიმშილობს, ბესელიამ გლდანის მე-8 პენიტენციურ დაწესებულებაში მოინახულა.
ცნობისთვის, დიდი ოდენობით თანხის მართლსაწინააღმდეგო მითვისების ფაქტზე ბრალდებულ ბიზნესმენს, გიორგი ჩიკვაიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული 50 000-ლარიანი გირაო პატიმრობით შეეცვალა. 11 მარტს გიორგი ჩიკვაიძე სასამართლოს სხდომათა დარბაზში დააკავეს.
მასთან ერთად ბრალდებულია მისი მეგობარი ირაკლი პაპიაშვილიც, თუმცა, მას აღკვეთის ღონისძიების სახით 50 000-ლარიანი გირაო აქვს შეფარდებული.
გიორგი ჩიკვაიძემ შიმშილობა 12 მარტს დაიწყო.