ეკა ხოფერია გეგმავს, საკუთარი გადაცემის საშუალებით საჯარო სკოლების პოპულარიზაციას შეუწყოს ხელი და ამ მიზნით სპეციალური პროექტის მომზადებასაც აპირებს. ტელეწამყვანის მოსაზრებით, ეს საცობების წარმოქმნის წინააღმდეგ ერთი დამხმარე საშუალება იქნება, თუმცა იდეებსაც ელოდება, როგორ არის შესაძლებელი თბილისის ქუჩების საცობებისგან განტვირთვა… ამის შესახებ ის თოქ-შოუს და საკუთარ „ფეისბუქის“ გვერდებზე წერს.
„ყველგან საცობებია, ასე მგონია, გვართმევენ ეს მანქანებით გაჭედილი გზები ჩვენს დროს. პირადად მე, სწორედ ამის გამო შევიყვანე შვილები სახლთან ახლოს მდებარე საჯარო სასწავლებლებში. ერთი, რომ მართლაც მინდა საჯარო სკოლების პოპულარიზაციას შევუწყო ხელი (პროექტზეც ვფიქრობ, როგორ დავეხმარო და თქვენი იდეების მოსასმენადაც მზად ვარ) და მეორეც, არ „ვიჭედები“ საცობებში.
აი, სამსახურში როგორ მივიდე უმანქანოდ ( მე არ ვატარებ, არ ვიცი), ეგ ჯერ არ გადამიწყვეტია. რა მოვიფიქროთ, რა იდეებია? ამ ქალაქმაც ცოტა რომ ამოისუნთქოს და ჩვენც?“ – კითხულობს ტელესახე.