ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა აქვეყნებს მწერალ ეკატერინე ტოგონიძის მიმართვას რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებით, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
„სხვისი ხელით ნარის გლეჯა! – ეს დღევანდელი შემზარავი რეალობის ერთ-ერთი ზუსტი აღწერაა. ეს არის ის, რაც უკრაინაში ბავშვების, მოხუცების სიცოცხლის ფასად და გმირი მეომრების შეუპოვრობის ხარჯზე ხდება. კაცობრიობის მთავარ მტერთან ფიზიკური ჭიდილი და ხელჩართული ბრძოლა დღეს მათი ხვედრი აღმოჩნდა. მტრის მხილებაც კი უკიდურესად ძვირი დაჯდა, ყველაფრისთვის თავისი სახელის დარქმევას და მსოფლიოს შეღვიძებას მასშტაბური მსხვერპლი დასჭირდა. ეს ხომ ყველას ვალი იყო (და არის), ვინც შოვინიზმით, ნაციონალიზმით, იმპერიალიზმით ნაკვებ აგრესიას ემიჯნება, ვინც ირჩევს სიცოცხლეს და თავისუფლებას, იქნება ის რუსეთის მოქალაქე თუ განვითარებული სამყაროს წარმომადგენელი. სხვისი ხელით ნარის გლეჯაა დღეს უკრაინაში დამპყრობლის შესაჩერებლად ტანკებში შევარდნილი თუ ხიდზე თავაფეთქებული ადამიანები, საკუთარი სისხლით და ხორცით რომ ეღობებიან იმ ბოროტებას, რომელიც მხოლოდ მათ კი არა, მთელ პლანეტას ემუქრება.
იმის გამო, ჩვენ რომ ამ უბედურებას მოვესწარით და მისი თანამედროვენი აღმოვჩნდით, ავტომატურად ვიქეცით პროცესის არა შემსწრეებად, არამედ მონაწილეებად. იმთავითვე ჩამოგვერთვა დუმილის, ყოყმანის, ზანტი გამოფხიზლების, მორალურ ღირებულებებში გამორკვევის დრო – ეს დრო ჩვენ უკვე გვქონდა! ეს დრო გვქონდა დაბადებიდან აფხაზეთის, აგვისტოს, უკრაინის ომამდე ან იქნებ ეს დრო გვქონდა დაბადებამდეც კი, როცა ჩვენი წინაპრები თუნდაც გასაბჭოებას, რეპრესიებს, მეორე მსოფლიო ომს ეწირებოდნენ. მერე კაცობრიობა ხომ ხელახლა შეთანხმდა ფუნდამენტურ ღირებულებებზე, მათ დასაცავად შექმნა ქარტიები, უსაფრთხოების კავშირები და გაერთინებები; დადო პირობები; ადამიანის სიცოცხლეზე, თავისუფლებაზე, ღირსებასა და თანასწორობაზე დააფუძნა დედამიწაზე თანაცხოვრების წესები და დაისწავლა, რომ ომი გამანადგურებელია, აგრესია დამღუპველია, სახელმწიფოს სუვერენიტეტი უზენაესია, უსაფრთხოება სადარაჯოა. რომ ყველა ერთად და შეთანხმებულად უნდა ვზრუნავდეთ პლანეტის გადარჩენაზე.
მაგრამ ჩვენ, ამ ეპოქაში დაბადებულებს, ეს დრო აღარ გვაქვს, ჩვენ სინათლესა და სიბნელეს შორის არჩევანის გაკეთება მყისიერად გვიწევს, ჩვენ აღარ გვაქვს არც ალტერნატივა, არც რაიმე შუალედი. ისიც ვიცით, რომ სხვადასხვა დოზით დავისჯებით სიმართლისთვის, მაგრამ გაცილებით მწარედ და დამღუპველად დავისჯებით ბოროტების მხარეს დგომით, დავისჯებით დუმილის, შიშის, კონფორმიზმის და ღალატის გამო. ამ გაუსაძლის დროში დაბადებულებს, ახლა გვიწევს ხელახლა დაბადება, რადგან „გაუსაძლისის გაძლებიდან იბადება ადამიანი, მეორედ და ნამდვილად”. შეხედეთ უკრაინის გადაბუგულ ქალაქებს, დაღუპულ ბავშვებს, ჩვენს გაწირულ დებსა და ძმებს, პოლიგონად ქცეულ ქვეყანას, საფრთხეში მყოფ ატომურ სადგურებს, მსოფლიოს სინდისზე ჩამოკიდებულ ჯერ კიდევ ცოცხალ ადამიანებს, შეუდრეკელ მებრძოლ გმირებს, არც ჩვენი მცოცავი ოკუპაცია დაგავიწყდეთ, გატაცებული, მოკლული, გაძარცული ადამიანები და მიხვდებით, რომ დრო აღარაა. ეს „დაბადება“ ყველა ჩვენგანის ვალი, ჩვენი საზოგადოების და უკვე მთლიანად კაცობრიობის გამოსავალია. ჩვენ ხომ, გვინდა თუ არა, ერთმანეთზე ვართ დამოკიდებულები. ჩვენი ძალა ხომ მართლა ერთობაშია.
არა ჩვენს საერთო მტერს – პუტინის რუსეთს და იმპერიალიზმს!
დიდება უკრაინას და უკრაინელ გმირებს! – მათი ხელით და სისხლით იგლიჯება შხამიანი „ნარი“, რომელიც რადიაციასავით ყველას გვწვდება!
გამარჯვება უკრაინას! – ეს გამარჯვება ხომ სიმართლის გამარჯვებაა!
გამარჯვება თითოეულ ჩვენგანს საკუთარ სიმხდალესა და ჩვენში მეტასტაზირებულ „ნარზე“ – ეს ხომ საერთო გამარჯვების ერთადერთი პირობაა!
დაე, ამ უმძიმეს დროში დაბადებულები დავიბადოთ მეორედ და ნამდვილად. სხვაგვარად გადარჩენა შეუძლებელია. სხვა გზა ჩვენ არ გაგვაჩნია.“