პრემიერ-მინისტრი პარლამენტში ანგარიშით ბოლო სასესიო კვირას წარდგება. შესაბამისად, სამთავრობო პროგრამის შესრულების თაობაზე ანგარიშს ირაკლი ღარიბაშვილი დეპუტატებს ივნისის ბოლო სასესიო კვირაში, პარლამენტის პლენარული სხდომაზე წარუდგენს.
პრემიერ-მინისტრის 151-გვერდიანი ანგარიშის მთავარ საკვანძო მიმართულებებზე “ფორტუნას” გადაცემაში “დღის თემა” საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ნინო წილოსანმა ისაუბრა.
მისი განცხადებით, პროგრესი რამდენიმე მიმართულებით, მათ შორის საგარეო პოლიტიკის, უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით არსებობს.
“არის აგროსასურსათო პროდუქტის ექსპორტის ზრდა. ვხედავთ, რომ ეკონომიკას გამოცოცხლება ეტყობა, აპრილის მონაცემები დამაიმედებელია. დღგ-ს გადამხდელი საწარმოების ბრუნვა 80%-ზე მეტით არის გაზრდილი. ვხედავთ, რამდენად ეტყობა სტაბილურობა ლარის კურსთან მიმართებაშიც და რა თქმა უნდა, პანდემიის მართვა”- აღნიშნა ნინო წილოსანმა.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ოპოზიციის კრიტიკასაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ანგარიშის წარდგენისას მათ ოპონენტებს შინაარსობრივი კითხვები ვერ ექნებათ.
ანგარიშის წარდგენისას პრემიერთან უკიდურესად მწვავე შეკითხვები გვექნება: სამადაშვილი
“ოპოზიციის ე.წ. ხმაურიანი სიტყვები, ძირითადად იქნება ტონალობაში ხმაურიანი. გარწმუნებთ, იმაზე მეტად შინაარსობრივ და საგნობრივ კითხვებს ნამდვილად ვერ დასვამენ, ვიდრე ჩვენ თავად, რადგან ისინი ძირითადად, მხოლოდ აჟიოტაჟის მოწყობით არიან ორიენტირებულნი”.