LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ეკონომიკის მინისტრი აზერბაიჯანში „სოკარის“ წარმომადგენლებს შეხვდა: „აქტუალური ხდება ორმხრივი თანამშრომლობა ენერგეტიკის სფეროში“

76
278369326_284592090528450_2874801261389959250_n

აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ლევან დავითაშვილმა მაღალი დონის შეხვედრები გამართა ქვეყნის პრეზიდენტთან, ილჰამ ალიევთან, ასევე აზერბაიჯანის მთავრობის, მათ შორის ეკონომიკის, ტრანსპორტის, ენერგეტიკის სამინისტროების შესაბამის ხელმძღვანელებთან და კომპანია „სოკარის“ წარმომადგენლებთან.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, დავითაშვილის თქმით, აზერბაიჯანულ მხარესთან ქართულმა დელეგაციამ განიხილა ძალიან ბევრი მიმართულება, სადაც აზერბაიჯანი და საქართველო აქტიურად თანამშრომლობენ.

„აზერბაიჯანი ჩვენთვის არის სტრატეგიული და ერთ-ერთი მთავარი ეკონომიკური პარტნიორი, რომელთან ერთადაც ბევრ საერთაშორისო მნიშვნელობის პროექტს ვახორციელებთ. განსაკუთრებით აქტუალური ხდება ორმხრივი თანამშრომლობა ენერგეტიკის სფეროში, რომელიც უზრუნველყოფს ენერგოდამოუკიდებლობასა და ენერგოუსაფრთხოებას არამხოლოდ ჩვენი ქვეყნების დონეზე, არამედ ეს მნიშვნელოვნად დაკავშირებულია ევროპის ენერგოუსაფრთხოებასთანაც“, – აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

ვიცე-პრემიერის შეფასებით, საქართველოსა და აზერბაიჯანს გააჩნია ძალიან დიდი შესაძლებლობები, რომ მაღალი დონის კოორდინაციით უზრუნველყოს გაზრდილი ტვირთნაკადების გატარება როგორც დასავლეთის, ასევე ცენტრალური აზიის ქვეყნების მიმართულებით.

„ჩვენ ვისაუბრეთ გამოწვევებზე, რომელიც რეგიონში შეიქმნა, მაგრამ ვისაუბრეთ ასევე შესაძლებლობებზე, რომელიც გააჩნია საქართველოსა და აზერბაიჯანს, თუ იქნება მაქსიმალურად მაღალი დონის კოორდინაცია და კომუნიკაცია. არსებობს მზადყოფნა ორივე მხრიდან, მიღებულ იქნეს ოპერატიული გადაწყვეტილებები იმისთვის, რომ გაზრდილი ტვირთბრუნვა, ტვირთის ნაკადები, რომლებიც შეიძლება საქართველოსა და აზერბაიჯანის მეშვეობით დასავლეთში და პირიქით, ცენტრალური აზიის ქვეყნებში განხორციელდეს, ორივე ქვეყანამ კოორდინირებულად აწარმოოს. ამის ყველა წინაპირობა არსებობს და ვფიქრობ, რომ ამაზე გვექნება ძალიან მკაფიო შეთანხმებები“ – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

ლევან დავითაშვილი, ქართულ დელეგაციასთან ერთად, ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანის რესპუბლიკაში იმყოფება. დელეგაციის შემადგენლობაში შედიან: ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეები – გურამ გურამიშვილი და რომეო მიქაუტაძე, საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი იოსებ ტყემალაძე, სს „საქართველოს რკინიგზის“ გენერალური დირექტორი დავით ფერაძე და „ნავთობისა და გაზის კორპორაციის“ გენერალური დირექტორი გიორგი ბახტაძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g