LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ეკონომიკის სამინისტრო: ინვესტორ კომპანია „ენკასთან“ კომუნიკაცია გაგრძელდება, რათა სწორი და სახელმწიფოებრივად გამართლებული გადაწყვეტილება გამოინახოს ​

122
სამინისტრო

„ჩვენ აუცილებლად განვაგრძობთ კომუნიკაციას ინვესტორ კომპანიასთან, რათა გამოინახოს სწორი და რაც მთავარია, სახელმწიფოებრივად გამართლებული გადაწყვეტილება“, – ამის შესახებ  ეკონომიკის სამინისტროში კომპანია „ენკას“ მიერ მთავრობასთან ხელშეკრულების გაწყვეტასთან დაკავშირებით განაცხადეს.

უწყების ცნობით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ კომპანია „ენკასგან“ პროექტიდან ერთი თვის შემდეგ შესაძლო გასვლის შესახებ წინასწარი შეტყობინება ნამდვილად მიიღო.

სამინისტროში იმედოვნებენ, რომ პროცესი საქართველოს სასარგებლოდ დასრულდება.

„მთავრობის მხრიდან კეთდება ყველაფერი, რათა მოიხსნას კითხვები პროექტის შესახებ, მეტიც, ამისათვის მივმართეთ მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ავტორიტეტულ მედიატორს – ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების დავების განხილვის საბჭოს და მასში ჩართვის მიზნით მოვიწვიეთ ნამახვანის პროექტით დაინტერესებული ყველა არასამთავრობო ორგანიზაცია და საზოგადოებრივი ჯგუფი.

იმედი გვაქვს, რომ პროცესი პოზიციების დაახლოებითა და რაც მთავარია, საქართველოს სახელმწიფოს სასარგებლოდ გადაწყდება,“ – აცხადებენ ეკონომიკის სამინისტროში.

მათივე განცხადებით, უწყებაში კარგად ესმით, რომ ეს პროექტი არის კომპლექსური და ამდენად, ინვესტორები მსგავსი პროექტის განხორციელებისას არაერთ სირთულეს აწყდებიან.

„თუმცა ისიც ცხადია, რომ პროექტი არ არის მარტივი, მას აქვს ეკოლოგიური, სოციალური და ტექნიკური ხასიათის გამოწვევები და ამდენად, როგორც მთავრობის, ასევე ინვესტორის ვალდებულებაცაა, რომ საჭიროების შემთხვევაში, პროექტში შემავალი ცალკეული მახასიათებლების ხელახალი შესწავლა გაიმართოს.

კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ – ჩვენთვის მნიშვნელოვანია როგორც უშუალოდ ნამახვანი ჰესების კასკადის პროექტი, ასევე ზოგადად ნებისმიერი ინვესტორის ინტერესი, ამიტომ მომდევნო ერთი თვის განმავლობაში ჩვენ აუცილებლად განვაგრძობთ კომუნიკაციას ინვესტორ კომპანიასთან, რათა გამოინახოს სწორი და რაც მთავარია, სახელმწიფოებრივად გამართლებული გადაწყვეტილება, რომელიც ჩვენს საინვესტიციო გარემოს არ დააზიანებს და ამავე დროს, პროექტთან დაკავშირებულ ყველა კითხვას საბოლოოდ მოხსნის.

საქართველოს ხელისუფლება აკეთებს ყველაფერს იმისათვის, რომ კონკრეტულად ენერგეტიკის მიმართულებით გაგრძელდეს ინვესტიციების მოზიდვა, რათა ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობა და რაც მთავარია, ენერგეტიკული უსაფრთხოება სათანადოდ იყოს უზრუნველყოფილი,“ – აღნიშნავენ უწყებაში.

ცნობისთვის შეგახსენებთ, რომ „ნამოხვანჰესი“ აღარ აშენდება: ENKA საქართველოსთან ხელშეკრულებას წყვეტს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g