„მინდა, მადლობა გადავუხადო პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს გამოცხადებული ნდობისთვის და გუნდის თითოეულ წევრს თანამშრომლობისთვის, მხარდაჭერისთვის, რომელიც წლების განმავლობაში მქონდა. ეს აუცილებელი პირობა იყო იმისთვის, რომ ჩვენ განგვეხორციელებინა რეფორმები სოფლის მეურნეობისა თუ გარემოს დაცვის მიმართულებით და სამინისტროს წარმატებით ემუშავა“, – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრობის კანდიდატმა, ლევან დავითაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.
მან ასევე მადლობა გადაუხადა ნათია თურნავას.
„მინდა, მადლობა გადავუხადო ქალბატონ ნათია თურნავას იმ წარმატებული მუშაობისთვის, ეკონომიკის მინისტრის პოსტზე, რომელიც, როგორც თვითონაც აღნიშნა, ძალიან რთულ დროს დაემთხვა – პანდემიამ მთელი მსოფლიოს ეკონომიკური მდგომარეობა შეცვალა და განსაკუთრებული გამოწვევები შექმნა. პრემიერის ხელმძღვანელობით, ეკონომიკის სამინისტროს ძალიან დიდი ძალისხმევით, ჩვენ, ერთი მხრივ, შევძელით ეკონომიკის აღდგენა, ნამდვილად დავუბრუნდით პანდემიამდელ მაჩვენებელს, თუმცა, ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი ამოცანები, გეგმები და ვალდებულება ჩვენს მოსახლეობასთან, რომ ეკონომიკის სწრაფი განვითარება ვაჩვენოთ და შევქმნათ დასაქმების მაქსიმალური საშუალებები ჩვენი მოქალაქეებისთვის, რაც პირდაპირაა დაკავშირებული მათი შემოსავლების ზრდასთან და კეთილდღეობის გაუმჯობესებასთან“, – აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.
